28 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალი ბავშვების გადაყვანას ოკუპირებულ აფხაზეთში აპირებდა - შსს 

უკრაინის მოქალაქის, იულია სუსლიაკის დაკავების შესახებ შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის მოქალაქე,რომელიც საქართველოში 10 ბავშვით ჩამოვიდა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში შემოსულმა ქალმა ბინა ზუგდიდში იქირავა და ის ბავშვების გადაყვანას ოკუპირებულ აფხაზეთში აპირებდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ათივე ბავშვი სუსლიაკის გვარზეა, თუმცა ეჭვი სწორედ იმ ფაქტმა გააჩინა, რომ 10-დან 4 ბავშვის ერთსა და იმავე წელს არის დაბადებული.

„გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ი.ს.-ს შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკევების გადაწყვეტილება.

მოწმეთა ჩვენებებით ასევე, ირკვევა, რომ ი.ს. შესაძლოა არ არის მცირეწლოვანი ბავშვების დედა. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა,”- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები