04 მაისი 2024,   10:13
ვრცლად
ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, სახელმწიფოს მიტაცება, ზეწოლა მედიაზე და არასამთავრობოებზე - დისკუსია "მარშალის ფონდში"

ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას ამერიკელი ანალიტიკოსები საქართველოს დემოკრატიის მთავარ პრობლემად ასახელებენ. "მარშალის ფონდში" გამართულ დისკუსიაზე მთავარ გამოწვევებად დასახელდა ელიტური კორუფცია, პოლიტიზებული ძალოვანი უწყებები, დამოუკიდებელი მედიის დევნა და ზეწოლა სამოქალაქო სექტორზე.

შეხვედრაზე, რომელიც მარშალის ფონდის და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა, თქვეს, რომ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნებია.

ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე შეფასებები ამერიკელმა სპეციალისტებმა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მოისმინეს.

„საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა დღეს არაფორმალური მმართველობაა იმ პირის მიერ, რომელიც უთანასწორო პირად რესურსებს ფლობს. ეს არაფორმალური მმართველობა კი მიემართება კონსოლიდირებული ძალაუფლებისკენ არა თუნდაც პოლიტიკური პარტიის შიგნით, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირადი გარემოცვის არაფორმალურ სისტემაში. ჩემი აზრით, რაც ბოლო არჩევნებმაც ნათლად გვიჩვენა, ეს სისტემა, უახლოეს მომავალში, შესაძლოა უმართავი გახდეს და დემოკრატიული ინსტიტუტების შენობის პროცესში უამრავი საფრთხე გამოიწვიოს. ახლახანს, ზოგიერთმა ორგანიზაციამ, მათ შორის "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" განსაზღვრა, რომ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნებია,“-განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური კი აცხადებს, რომ ქვეყანაში ისევ არსებობს არაერთი გამოწვევა, რომელიც სახელმწიფოს ასუსტებს. გიგაურმა მთავარ პრობლემებად ოკუპაციას და არაფორმალურ მმართველობა დაასახელა.

„ამის შესახებ მრავალი წელია ვსაუბრობთ. ეს, რა თქმა უნდა, ძირს უთხრის დემოკრატიული ინსტიტუტების როლს ჩვენს ქვეყანაში და დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების განვითარებისთვის,“-განაცხადა გიგაურმა.

"სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძემ კი განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

„მარშალის ფონდში“, დისკუსიაზე არასამთავრობო სექტორი შეეხო მედიის პოლარიზების თემას და მთავრობის მიერ დამოუკიდებელი მედიის გაკონტროლების მცდელობაზეც ისაუბრეს.

მათ მაგალითად, "რუსთავი 2"-ის საქმე და "აჭარის ტელევიზიის" დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება დაასახელეს.

„2016 წლიდან მოყოლებული მთავრობა კრიტიკული მედიის გაჩუმებას ყველანაირად ცდილობდა. გვქონდა რუსთავი 2-ის საქმე - სასამართლოს მეშვეობით მფლობელების შეცვლის მცდელობა, რომლის შესახებაც უკვე ყველასთვის ცნობილია. ნათელი წერტილი იყო რეგიონული ტელევიზია "აჭარა", რომელიც ეუთოს მიერ შეფასებული იყო როგორც სამართლიანი და მიუკერძოებელი. სამწუხაროდ, იქ სწორედ გასულ კვირას შეიცვალა ხელმძღვანელობა. ჩვენ ვიცით ბორდის წევრების მხრიდან უსაფუძვლო მტკიცებულებების შესახებ, რომ დირექტორი საკმარისად კარგი არ იყო და ეს ჩვენი წუხილის კიდევ ერთი საგანია,“-განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

მომხსენებლებმა ასევე თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა არა მხოლოდ ადგილობრივ სამოქალაქო სექტორზე ახდენს შეტევას, არამედ მიკერძოებასა და შეცდომების დაშვებაში ადანაშაულებს „ფრიდომ ჰაუსს“ და „ჰიუმან რაითს უოჩს“.

მარშალის ფონდის მკვლევარმა, ჯონათან კათზიმ, რომელიც შეხვედრის მოდერატორი იყო აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიის სიჯანსაღე საქართველოს მთავარი მიზნის განსახორციელებლად - გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.

დღის ამბები