01 მაისი 2024,   15:47
ვრცლად
ყველაზე მძიმე დღე მართმადიდებლურ სამყაროში - ტაძრებში გარდამოხსნისა და დატირების რიტუალი შესრულდა

ვნების კვირის წითელ პარასკევს დატირების ტრადიციული რიტუალი აღესრულა. მართლმადიდებლური სამყაროსთვის ეს ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს მართმადიდებლური სამყარო არ აღავლენს წირვას, რადგან 21 საუკუნის წინ მაცხოვარმა საკუთარი თავი შესწირა კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვას.

ამ დღეს განსაკუთრებული მსახურება ტარდება მართმადიდებლურ ტაძრებში, სამების საკათედრო ტაძარში მაცხოვრის დატირების ცერემონიაში პატრიარქი მონაწილეობდა.

ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი ცოტა ხნის წინ დასრულდა. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზეა დასვენებული.

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამ დღეს სპეციალური საგალობელი სრულდება, რომელსაც ნაირა ნაჩხატაშვილი ასრულებს. წლებია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სწორედ ის ასრულებს დავით გურამიშვილის ლექსზე შექმნილ საგალობელს.

"ამ დღეს ადამიანმა უდიდესი დანაშაული ჩაიდინა, მაცხოვარი, ღმერთი, რომელიც უამრავ სასწაულებს აღასრულებდა, რამოდენიმე დღით ადრე დიდებით შეუძღვნენ იერუსალიმში გაამეფეს და განადიდეს, რამოდენიმე დღეში ამ ადამიანებმა ყველაზე მძიმე სასჯელი ჯვარცმა განუწესეს და ჯვარზე გააკრეს. ეს მაცხოვარმა უდრტვინველად დაითმინა ჩვენივე ცოვებისათვის, დღევანდელი დღე ყველა ადამიანს გვაფიქრებს ჩვენ რას ვუზამდით. ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ ის არ იქნებოდა ჯვარმცმელი, რაც სამწუხაროდ ასე არ არის,მთელი მარხვა არის სინანულის, სწორედ იმიტომ ვმარხულობთ, რომ სინანულში ვიყოთ, რომ ჩვენც არ გავხდეთ ჯვარმცმელი მაცხოვრის,"-ამბობს არქიმანდრიტი, სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსი, მამა იოანე.

გარდამოხსნა ტაძრებში თითქმის სამი დღე იქნება დასვენებული, რა დროსაც მორწმუნეებს საშუალება ექნებათ მას თაყვანი სცენ. 

დღის ამბები