05 მაისი 2024,   03:49
ვრცლად
იულია სუსლიაკისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. 

პროცესი დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. 

შეგახსენებთ, რომ 1982 წელს დაბადებულ უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს არასრულწლოვნით ვაჭრობა ედება ბრალად.

დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

ბრალდებული მიმდინარე წლის 25 აპრილს ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი, ზურაბ თოდუა, განმარტავს, 4 ბავშვი იულია სუსლიაკის ბიუოლოგიური შვილია, ხოლო დანარჩენი 6 კი სუროგაციის გზით გაჩნდა.

ამასთან, შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს, მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვი გარდაცვლილია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას სასამართლოში აპირებს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები