26 აპრილი 2024,   13:38
ვრცლად
ფაქტია, რომ იარაღით ხელში დასდევდა გამსახურდიას... ზვიადის სახით დასდევდა ქართულ სახელმწიფოს - ნემო ბურჭულაძე გია მხეიძეზე საუბრობს

„ფაქტია, რომ იარაღით ხელში დასდევდა გამსახურდიას,“ - ეს განცხადება 1990-91 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნემო ბურჭულაძემ გააკეთა.

ბურჭულაძე ეხმაურება ენმ-ის მიერ გახმოვანებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელიც ზვიად გამსახურდიას დევნიდა და სამეგრელოში დასდევდა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში დაასაქმეს. გია მხეიძე თბილისიდან ზუგდიდში საგანგებოდ საარჩევნო პერიოდში ჩაიყვანეს.

ნემო ბურჭულაძისთვის გაუგებარია, რატომ იყენებენ პოლიტიკური პარტიები ისეთ ადამიანებს გვერდში, რომლებიც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

„ზვიადის სახით დასდევდა ქართულ სახელმწიფოს და ამის დამადასტურებელია ის, რომ ზვიადის გარდაცვალებას და მის დამხობას მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა, 30 ათასი კაცის სიკვდილი. ეს არის ბრძოლა ქართული სახელმწიფოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ამაში ჩართულია მმართველი პარტია მთელი თავისი გუნდით. თორემ,  ძალიან, რომ შეგეხვეწოს ასეთი პიროვნება, ხომ არ უნდა დაიყენო გვერდზე,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

ნემო ბურჭულაძე ასევე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს და ხიბულაში ვიზიტს. ბურჭულაძის თქმით, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გარდა, ივანიშვილის სხვა გამონათქვამებიც ახსოვს, სადაც ის ზვიად გამსახურდიას აკრიტიკებდა.

„მან ის განცხადებაც გააკეთა, რომ პატივს ვცემ ზვიადს, როგორც პატრიოტ ადამიანს, მაგრამ ცოდნა არ ჰქონდა და მანერები არ უვარგოდაო. რა გითხრათ, ალბათ, ზვიად გამსახურდია არ გაიზარდა მასავით ისეთ ოჯახში, სადაც განათლებას მიიღებდა ან მანერებს ისწავლიდა,“ - ამბობს ბურჭულაძე.

მისივე თქმით, ივანიშვილი არაფორმალური მმართველია.

„როდესაც არაოფიციალური პირი მართავს ქვეყანას, ჰქვია მაფიოზური მმართველობა და ბიძინა გახლავთ მაფია ამ ოჯახის,“ - ამბობს ბურჭულაძე.

რაც შეეხება მოახლოებულ არჩევნებს და ზუგდიდში მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ვიზიტს, რა დროსაც მან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, სანდრა რულოვსი მკაცრად გააკრიტიკა, ამ ფაქტით ნემო ბურჭულაძე გაკვირვებულია.

„ცოტა დაბნეული ვარ, ტელევიზიით მოვისმინე მისი განცხადება და არც ვიცი, რა გითხრათ. გასაკვირი იყო ჩემთვის,“ - განაცხადა ნემო ბურჭულაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები