18 სექტემბერი 2019,   07:54
ვრცლად
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ პოლიციელი სცემა - თავდასხმის ამსახველი კადრები „კურიერმა" მოიპოვა

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე პოლიციის ოფიცერს ფიზიკურად გაუსწორდა - თავდასხმის ამსახველი კადრები „კურიერს“ კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, ანარ გადიმოვი სამართალდამცველის მიმართ ძალადობისთვის უკვე მსჯავრდებულია.

ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერში კარგად ჩანს, როგორ უსწორდება საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე პოლიციის ოფიცერს.

„კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, პოლიციელი კალაევი თავდასხმის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, პოლიციელის ცემისთვის „ოცნების“ მხარდამჭერს და საჯარო მოხელეს 25 თებერვალს ერთი წლით პირობითი სასჯელი დააკისრა. გადიმოვისთვის არც საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება შეუზღუდავთ და ის ამ დრომდე საკრებულოშია დასაქმებული.

სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე ანარ გადიმოვი არ საუბრობს. „კურიერის ინფორმაციით“ კი, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს პოლიციელთან პირადი წყენა ჰქონდა. ერთი წლის წინ მომხდართან ფაქტთან დაკავშირებით არ საუბრობენ არც ნაცემი პოლიციელის ოჯახში. 

„კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ ელმარ კალაევი ანარ გადიმოვის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა, თუმცა პოზიცია მას შემდეგ შეარბილა, რაც პარტიული აქტივისტის დასაცავად საქმეში რაიონის მაჟორიტარი, თამაზ ნავერიანი და პარტიის სხვა ლიდერები ჩაერთნენ. წყაროს ინფორმაციით, ელმარ კალაევი საკრებულოს თავმჯდომარესთან დაპირისპირების შემდეგ სამუშაოდ მარნეულიდან თბილისში გადმოიყვანეს.

პოლიციელზე ძალადობა გადიმოვის ბრალდების მხოლოდ ერთი ეპიზოდია. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის სისხლის სამართლის საქმეში კიდევ ერთი პირის ცემის შესახებაა საუბარი, თუმცა ამ შემთხვევაში, უკვე პარტიული ნიშნით.

საქმის მასალებით "სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს" რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი გადიმოვმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სცემა.

ფუად კახრამანოვი ამბობს, რომ ძალადობის კვალი მას სხეულზეც ეტყობოდა და ყველაფერი ექსპერტიზის დასკვნაშიც იქნა ასახული. ფუად გახრამანოვზე ძალადობის ნაწილში სასამართლომ ანარ გადიმოვი გაამართლა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ანარ გადიმოვი რაიონში ერთგვარი იმუნიტეტით სარგებლობს. მათი ინფორმაციით, ოფიციალურად ის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეა, თუმცა არაოფიციალურად „ოცნების“ შავ საქმეებს აკეთებს.

თამაზ ნავერიანი ანარ გადიმოვთან მეგობრობას არ უარყოფს, თუმცა არ იზიარებს ოპონენტების მოსაზრებას მის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით.

ანარ გადიმოვის განაჩენი სააპელაციო წესით პროკურატურამ გაასაჩივრა. თუმცა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის საქმის განხილვა მეორე ინსტანციაში ჯერ ისევ არ დაწყებულა.

 

ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი

დღის ამბები