12 მაისი 2024,   03:57
ვრცლად
"ერთ მაღაროელზე 1.8 ლარი იყო გამოყოფილი კვებისთვის... სრულად ვითავისებ მაღაროს მუშათა პრეტენზიებს" - შპს "სალეს" დამფუძნებელი

კიდევ ერთი მოდავე ჯორჯიან მანგანეზის წინააღმდეგ - კომპანია, რომელიც დასაქმებული მუშების კვებას უზრუნველყოფს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტას აპროტესტებს.

შპს სალეს დამფუძნებელი, ირმა გაფრინდაშვილი, ამბობს, რომ ხელშეკრულება გაფრთხილების გარეშე გაწყვიტეს. კომპანიის დირექტორი ვარაუდობს, რომ ჯორჯიან მანგანეზის გენერალური დირექტორი არის დაინტერესებული ამ ბიზნესის ხელში ჩაგდებით.

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ კვების რაციონთან დაკავშირებით მაღაროელების პრეტენზიებს იზიარებს და ამბობს, რომ საკვები საკმარისად ნოყიერი არ არის.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ჯორჯიან მანგანეზი საკმაოდ ცოტას იხდიდა კვებისთვის, შესაბამისად, ნოყიერი პროდუქტით მომარაგება ვერ ხერხდებოდა.

„მე სრულად ვითავისებ მაღაროს მუშათა პრეტენზიებს, ნოყიერ და კალორიულ კვებასთან დაკავშირებით. ვითვალისწინებ იქიდან გამომდინარე, რომ ერთ მაღაროელზე 1 ლარი და 80 თეთრი იყო გამოყოფილი კვებისთვის. დარწმუნებული ვარ და ამის ფაქტებიც არსებობს, ჯორჯიან მანგანეზის გენერალური დირექტორი, ბატონი აკაკი გურჯიძე, პირადად არის დაინტერესებული ამ ე.წ. ბიზნესის ხელში ჩაგდებით, რადგან მას და მის მეგობრებს გააჩნიათ ჭიათურაში სარესტორნე ქსელები და არიან დაინტერესებული, რომ ეს ბიზნესი გადავიდეს მათი მფარველობის ქვეშ,“ - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ადვოკატი, კონკურენციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან მახარაშვილი, აცხადებს, რომ ჯორჯიან მანგანეზს შპს სალეს მიმართ დიდი ოდენობის დავალიანება აქვს.

ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელი თანამშრომლების მიერ ადგილი აქვს მიზანმიმართულად ხელშეკრულების მოშლას, რითიც ირღვევა თავისუფალი კონკურენციის პირობები... დღეის მდგომარეობით, პირიქით, ჯორჯიან მანგანეზს გააჩნია ფულადი დავალიანება - 100 ათას ლარზე მეტი, შპს სალეს მიმართ. იმავდროულად, ხდება თითქოსდა საეჭვო გარემოებაზე ყურადღების გამახვილება, რომ მუშებისთვის საკმარისი არ იყო კვების რაციონი. თუმცა, ამ მხრივ შპს სალესგან გამოვითხოვეთ ჩვენ ინფორმაცია და საეჭვოდ გვეჩვენება იმ თანხის ოდენობა, რაც თავად ჯორჯიან მანგანეზის მიერ არის გამოყოფილი ერთი მუშის დღიურ კვებაზე, ეს გახლავთ 1,80 ლარი... ვაპირებთ ჩვენ, რომ ორშაბათიდან მივმართოთ საქართველოში გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, აუცილებლად მივმართავთ კონკურენციის სააგენტოს და იმ შემთხვევაში, თუკი მართლაც გამოვლინდება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა კონკურენციის მიმართულებით, მაშინ იძულებული ვიქნებით, მივმართოთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვოთ შესაბამისი რეაგირების მოხდენა აღნიშნულ ფაქტზე,“ - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

დღის ამბები