26 აპრილი 2024,   13:02
ვრცლად
დადგება ის დღე, როდესაც ვიზეიმებთ საქართველოს დამოუკიდებლობას ჩვენს მთელს ტერიტორიაზე-მმართველი გუნდი საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღეს 101 წელი შესრულდა. 1918 წლის 26 მაისს, საღამოს 17 საათსა 10 წუთზე ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დასაბამი დაუდო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. მაშინაც, 101 წლის წინაც, 26 მაისი კვირა დღე იყო და მაშინაც ისტორია რუსთაველის გამზირზე იწერებოდა, დღევანდელ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. უკვე დღეს კი რუსთაველის გამზირი საზეიმო ცერემონიებს ეთმობა, სადაც დილიდან მიდიან რიგითი მოქალაქეები, ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ეს არის ჩვენი მთავარი ეროვნული დღესასწაული. საქართველოს მრავალსაუკუნიან ისტორიაში თაობები იბრძოდნენ, რომ დღევანდელი დღე შემდგარიყო, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი და თავისუფალი. დღეს არის ამავე დროს მერაბ კოსტავას დაბადების დღე. დღეს მას 80 წელი შეუსრულდებოდა. 2019 წელი არის სიმბოლური, რომ საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. მე მინდა ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე, ყველა იმ გმირის წინაშე რომელმაც დღევანდელი დღე მოიტანა,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დამოუკიდებლობის დღე მიულოცა მოსახლეობას დედაქალაქის მერმაც. ის ღონისძიებას შვილებთან ერთად დაესწრო.

„101 წლის წინ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, თუმცა მალევე დავკარგეთ სამწუხაროდ. მაგრამ 70 წლის შემდეგ ჩვენი ეროვნული გმირების, ჩვენი ხალხის თანადგომით და ერთიანობით შევძელით, სამწუხაროდ მსხვერპლიც იყო მაგრამ შევძელით დაგვებრუნებინა დამოუკიდებლობა,“-განაცხადა კახი კალაძემ.  

დღეს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. თამარ ჩუგოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დადგება დღე როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობას ქვეყნის ყველა ტერიტორიაზე იზეიმებენ.

„მთავარი გამოწვევა რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მთლიანობა არის და ჩვენი ქვეყნის წარმატება იმ ინტეგრაციის გზაზე, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს წარმოადგენს. მე ვფიქრობ, რომ ამ სირთულეების გადალახვასაც შეძლებს ჩვენი ქვეყანა და დადგება ის დღე როდესაც ვიზეიმებთ საქართველოს დამოუკიდებლობას ჩვენს მთელს ტერიტორიაზე,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გარდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმრავლესობის სხვა წევრებიც დაესწრნენ. როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, ის ისურვებდა რომ პათოსი, რომელიც დღეს სამხედრო ფიცის დადების დროს იყო მთელს საქართველოს გადაედოს.

დღევანდელი დღე მიულოცა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

„მე მინდა  მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის ადამიანებს, საოკუპაციო ხაზის აქეთ თუ იქეთ, რომ თავისუფლება არის უდიდესი ღირებულება, უდიდესი მონაპოვარი და თითოეული მათგანის თავისუფლებას რაც არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება დავიცავთ და რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი დღე,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები