22 მაისი 2024,   20:05
ვრცლად
გურამიშვილის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი მაღაზია "სუფთა სახლში" შევარდა - არიან დაშავებულები 

ავტოსაგზაო შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე - კინო საქართველოსთან მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, სატვირთო ავტომობილი მაღაზია „სუფთა სახლის“ ვიტრინას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მაღაზიაში არავინ დაშავებულა, თუმცა მსუბუქი დაზიანება მიიღეს ტროტუარზე მყოფმა სამმა ადამიანმა, მათშორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„შიგნით ვიყავით როდესაც ტორმუზების ხმა გავიგეთ და მერე შეჯახების ხმა იყო. ამ დროს გამოვედით გარეთ რა ხდებაო და უკვე მანქანა შევარდნილი იყო. სუფთა სახლის კედელზე იყო შეჯახებული და ერთი ბიჭი იყო , აქ ჩვენ კარებთან ეგდო. ორივე ფეხი დაზიანებული ჰქონდა სავარაუდოდ მოტეხილი. მერე  რომ გავედი ქალბატონი იყო საბურავთან მანქანის, იმასაც სავარაუდოდ ორივე ფეხი მოტეხილი და კიდევ ამ ქალბატონის სავარაუდოდ შვილი და ორი შვილიშვილი. ერთი იყო სამი წლის დაახლოებით, მეორე ორი-სამი თვის. ეს პატარა ბავშვიც სისხლიანი იყო და მერე სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა,“-განაცხდა ერთ-ერთმა თვითმხილველმა მაკა ონეზაშვილმა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ სატვირთო ჯერ მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და შემდეგ მიმართულება შეცვალა სუფთა სახლს დაეჯახა. 

მათივე ინფორმაციით მძღოლმა საპატრულო პოლიციაში თავად დარეკა. ვარაუდობენ, რომ მძღოლს მუხრუჭებმა უმტყუნა, რის შემდეგაც მან შეჯახება მოახდინა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები