03 მაისი 2024,   15:44
ვრცლად
„ახლა გამოჩნდება, სასამართლო ხელისუფლება სად დგას" - აჭარაში დაკავებული მაღალჩინოსნების პროცესი მიმდინარეობს

„ახლა გამოჩნდება, სასამართლო ხელისუფლება სად დგას, დამოუკიდებლობის გზაზე თუ ისევ ხელისუფლების დაკვეთების რეჟიმში განახორციელებს მართლმსაჯულებას“ - ეს განცხადება აჭარაში დაკავებული აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, არჩილ ვანაძის, ადვოკატმა გააკეთა.

ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის და მასთან ერთად დაკავებული ექვსი მაღალჩინოსნისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

ბრალდების მხარე შვიდივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს. პროკურატურამ შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ადვოკატ რამინ პაპიძის თქმით, სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

„ის დაკავების ფორმა, წესი და ზოგადად, უდანაშაულო ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, პოპულისტურ მეთოდები და ა.შ. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ შვიდივე მათგანის მიმართ, მიუხედავად იმის, რომ სამი ბრალდებულის მიმართ არის განსაკუთრებით მძიმე ბრალდება, თუმცა, ოთხი ბრალდებულის მიმართ არის ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდება და არცერთი მათგანი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ახლა გამოჩნდება, სასამართლო ხელისუფლება სად დგას, დამოუკიდებლობის გზაზე თუ ისევ ხელისუფლების დაკვეთების რეჟიმში განახორციელებს მართლმსაჯულებას,“ - განაცხადა არჩილ ვანაძისა ადვოკატმა, რამინ პაპიძემ.

დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ არჩილ ვანაძეს, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე ბათუმის ფინანსთა და ეკონომიკის სამსახურის თანამშრომლები თავდებში უდგებიან.

„არჩილ ვანაძე არასოდეს არ დამალვია მართლმსაჯულებას, ყოველთვის პატიოსნად ცხადდებოდა. დაკავების პროცესშიც კი, როდესაც მისთვის წინასწარ იყო ცნობილი, იგი არ გაქცევია მას და სწორედ მისი ნებით, მისი ფეხით ჩაბარდა, როცა მას ეს სთხოვეს. როგორც უშუალოდ მისი ახლანდელი სამუშაოს - ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე ქალაქ ბათუმის ფინანსთა და ეკონომიკის სამსახურის თანამშრომლები, ყველანი თავდებში უდგებიან,“ - განაცხადა არჩილ ვანაძის მეუღლემ, ნინო სურგულაძემ.  

სამ დაკავებულს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბათუმის მერიის დაკავებულ კიდევ ოთხ თანამშრომელს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

საქმე 2015 წელს მერიის სოციალური პროექტ „იაფი სახლის“ ტენდერს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა 4 მილიონ ლარად შეფასებულ ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანია კონვენტ ჯორჯიას ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს.

დღის ამბები