05 მაისი 2024,   01:11
ვრცლად
უნდა მოხდეს სასამართლოს მმართველობითი ბერკეტებიდან კლანის ჩამოცილება - დამოუკიდებელი იურისტები პარლამენტს რეზოლუციით მიმართავენ 

სასამართლოში კლანური მმართველობის აღიარებას ითხოვენ და პარლამენტს რეზოლუციის პროექტს წარუდგენენ, დამოუკიდებელი იურისტები. ისინი სასამართლო სისტემაში არსებულ ძირეულ პრობლემებზე და მისი მოგვარების გზებზე საუბრობენ. იურისტი კახა კოჟორიძე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კლანის არსებობის გარდა, მის პოლიტიკურ მხარდაჭერას ასახელებს. იურისტი ამბობს, რომ ე.წ. მოსამართლეთა კლანის წევრებს, დაკვეთის შესრულების სანაცვლოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები მფარველობენ.

 „ამ კლანური მმართველობის მხარდაჭერა ხდებოდა წინა ხელისუფლების მხრიდან და ამ მხარდაჭერას აგრძელებს, მათ შორის მოქმედი ხელისუფლება. მარო კლანის არსებობა კი არ არის დღეს, პრობლემაა, რომ კლანს ჰყავს დღეს პოლიტიკური მხარდამჭერები. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება რეზოლუციას არ მოჰყვეს პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის ირგვლივ საზოგადოების გაერთიანება,“-აცხადებს იურისტი კახა კოჟორიძე.

იურისტები მოითხოვენ შეიქმნას კომისია, რომელიც სასამართლოში არსებულ პრობლემების გამოსწორებაზე და საკანონმდებლო პაკეტის შექმნაზე იმუშავებს. თუმცა რეზოლუციის ავტორებს არ აქვთ მოლოდინი, რომ პარლამენტი მათ მიერ შექმნილ დოკუმენტს მხარს დაუჭერს.

„ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს პარლამენტს, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც უფრო დეტალურად შეისწავლის სასამართლოში არსებულ პრობლემას. მთავარი საკანონმდებლო პაკეტი ჩვენი აზრით, უნდა ითვალისწინებდეს სასამართლოს ძირეულ რეორგანიზაციას, იუსტიციის საბჭოს რეფორმას, მმართველობითი ბერკეტებიდან ამ კლანის ჩამოცილებას,“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამგეობის თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი.

დღის ამბები