02 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
„საერთოდ აცილებულია რეგიონის გამოწვევებთან“ - ოპოზიცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წლიურ ანგარიშზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს ერთი წლის ანგარიში წარადგინა. თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა.

გამოსვლის ბოლოს რიჟვაძეს შეკითხვები უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ოპოზიციის შეფასებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გამოსვლა ფორმალური ხასიათის იყო. მათი თქმით, რიჟვაძეს რეგიონში არსებულ პრობლემებსა და სიღარიბის დაძლევის საკითხზე არ უსაუბრია.

„ ეს იყო რეალურად ფორმალური ანგარიშის წარმოდგენა. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ინფორმაცია 2018 წელს 2017 წელთან შედარებით რატომ შემცირდა რეგიონში ინვესტიციები ორჯერ, რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ სიღარიბის დასაძლევად ეფექტური ღონისძიებების გატარება, რატომ არის მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში და საერთოდ რას ფიქრობენ ამ პრობლემების გადასაწყვეტად. ჩვენ ვერ შევაფასებთ დადებითად წარმოდგენილ ანგარიშს, იმიტომ, რომ საერთოდ აუცილებელია რეგიონის გამოწვევებთან,“- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია აბულაძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების და მეცნიერების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციას პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. ვლადიმერ მგალობლიშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, რაც შეიძლება ხშირად ახსენონ ბიძინა ივანიშვილი. 

" იყო გამოწვევებზე საუბარი, იყო სამუშაო ადგილების შექმნაზე საუბარი და იყო საუბარი იმ წარმატებებზე, რაც რეგიონს აქვს. ოპოზიციის შენიშვნები ნაკლებად მაინტერესებს, ანგარიშიც კი არ აქვთ წაკითხული. სამუშაო მაგიდაზე ანგარიშიც კი არ უდევთ, უბრალოდ, წინასწარ აქვთ ჩამოწერილი თავისი შეკითხვები და აქვთ გეგმა, რაც შეიძლება ხშირად ახსენონ ბიძინა ივანიშვილი. რა შუაშია ივანიშვილი აჭარის მთავრობის ანგარიშთან?"-განაცხადა მგალობლიშვილმა.

დღის ამბები