02 მაისი 2024,   08:52
ვრცლად
შოთაძე პროკურატურაში მართვის სადავეებს იბრუნებს - არსებული ინფორმაციით, თადუმაძე ბაკურ აბულაძე შეცვლის 

მთავარ საგამოძიებო უწყებაში ცვლილებები იწყება. შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს და უზენაეს სასამართლოში ინაცვლებს. "კურიერის" ინფორმაციით, თადუმაძის ადგილმონაცვლედ შესაძლოა, გენერალური ინსპექციის უფროსი დაინიშნოს, რომელსაც ყოფილი პროკურორი შოთაძე ლობირებს.

ბაკურ აბულაძის დაწინაურებით შოთაძე პროკურატურის მართვის სადავეებს დაიბრუნებს, ბიძინა ივანიშვილი კი დავალებების კიდევ ერთ უპირობო შემსრულებელს მიიღებს.

გადალაგება შემოდგომაზე მოხდება, მას შემდეგ, რაც პარლამენტი შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცებს. ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ შოთაძის ახლო მეგობრის პროკურორად დანიშვნის შემდეგ, პროკურატურაში რეალურად ისევ შოთაძის არაფორმალური მმართველობა დაბრუნდება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სახელსა და გვარს ვინ იქნება ახალი გენერალური პროკურორი  მნიშვნელობა არ აქვს. ყოფილი პრემიერი ამ საკვანძო თანამდებობაზე იმას შეარჩევს, ვინც ივანიშვილის დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს.

ზაფხულის ბოლოს პროკურატურას შალვა თადუმაძესთან ერთად მისი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძეც დატოვებს.

ვასაძესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი განაცხადი უკვე განხილვაშია. მთავარ საგამოძიებო უწყებაში დიდ გადალაგებაზე და ირაკლი შოთაძის არაფორმალურ გავლენებზე განცხადებებს, ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგად მიიჩნევენ უმრავლესობაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ რომ საკადრო ცვლილებებზე პარტიის თავმჯდომარესთან კონსულტაციები არ ყოფილა.

დღის ამბები