06 მაისი 2024,   16:10
ვრცლად
ძარცვა რეკორდულ დროში - სავაჭრო ობიექტების მფლობელები მინის ვიტრაჟებს რკინის გისოსებით ანაცვლებენ

თბილისის მთავარ სავაჭრო გამზირზე, მინის თანამედროვე ვიტრაჟებს მაღაზიების მფლობელები რკინის გისოსებით ანაცვლებენ. გაზრდილი კრიმინალის გამო, ხალხი იძულებული გახდა უსაფრთხოების დაცვის 90-იან წლებში პოპულარული საშუალება აერჩიათ.

iPhone+ იმ მაღაზიების ქსელს უერთდება, სადაც რკინის გისოსები უნდა დაამონტაჟონ. მაღაზიის მფლობელი ამ გადაწყვეტილებამდე დღეს დილით, მას შემდეგ მივიდა, რაც ვიტრაჟი მძარცველებმა ჩაამსხვრიეს და 25 წამში მაღაზიიდან 50 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში iPlus-ის ვიტრაჟი უკვე ორჯერ ჩაამსხვრიეს. პირველად მძარცველებმა ტექნიკის მოპარვა ვერ შეძლეს, არასრულწლოვნები ფაქტზე დააკავეს.

iPlu თავდამსხმელების ერთადერთი მსხვერპლი არ არის. პეკინის გამზირზე ამავე სცენარით ბოლო პერიოდში საიუველირო და ტანსაცმლის მაღაზიები გაძარცვეს. უმეტეს შემთხვევაში, თავდამსხმელები არასრულწლოვნები არიან. მაღაზიების მეპატრონეებს ეჭვი აქვთ, რომ ბავშვების უკან კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება დგას.

iPlu -ის მაღაზია დილის 7 საათისთვის გატეხეს და რეკორდულ დროში გაძარცვეს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები