26 აპრილი 2024,   14:00
ვრცლად
ვინმე თქვი, ვინ დაგავალაო - ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადების საქმეში ბრალდებული პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს 

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადების საქმეზე დაკავებული გიორგი წიქარიძე პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ბრალდებულის მტკიცებით, მას კონკრეტული პირების დასახელებას სთხოვდნენ. მან განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა, სადაც მოსამართლე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდა.

„უიარაღო ხალხს რა დღეში აგდებენ, ხოცავენ-მეთქი, ამათ ქვაც არ გაუსვრიათ-მეთქი. ახლა კოქტეილი ავიღე, მოვიკიდე ზურგზე და ჯიბეებში ჩავიწყობ და წავალ იქ, ეგეთი რამე არც მიფიქრია. მაგრამ ახლა აქ მიდის პოლიტიკური თამაში. მე არ ვარ პოლიტიკოსი. ვთანამშრომლობ კაცო, რაც სიმართლეა იმას გეუბნებით. სხვა რა გავაკეთო. იქით უხვევენ ე.ი. შეგიმცირებთ იმიტომ, რომ ვინმე თქვიო, ვინ დაგავალაო. არავის არ დაუვალებია, გეფიცებით შვილიშვილს. არც ერთი პარტია არ მოსულა და არც არავინ. ვის უნდა დაევალებინა, ამხელა კაცი ვარ, მე თვითონ ვერა ვხედავ ამ რუსების მაიმუნობას?! აი, ეს არის ჩემი სიტყვა, გინდა, მოგეწონოთ, გინდათ, ნუ მოგეწონებათ. ძალიან გთხოვთ, პოლიტიკაში ნუ ჩამრთავთ. თუ რამე მეკუთვნის, მომისაჯეთ და თქვენ თქვენთვის, მე ჩემთვის,“ - განაცხადა ბრალდებულმა.

გიორგი წიქარიძემ დაადასტურა, რომ მას ბენზინით სავსე ბოთლები სახლში ჰქონდა, თუმცა აქციასთან კავშირი კატეგორიულად გამორიცხა.

ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. წიქარიძის აყვანა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა. ამავე საქმეზე გამოკითხვაზე არიან დაბარებული ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის გიგი უგულავა, ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი. არც ერთი მათგანი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ ჩვენებას მხოლოდ მაგისტრ მოსამართლეს მისცემენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები