06 მაისი 2024,   16:47
ვრცლად
ლარის გაუფასურება კატასტროფულ ნიშნულს აღწევს

ლარის გაუფასურება კატასტროფულ ნიშნულს აღწევს, რამაც შესაძლოა, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღატაკის ზღვარზე მიიყვანოს. ყოველდღიურად ეროვნული ვალუტის მიერ დამყარებული ანტირეკორდები პირდაპირ აისახება პროდუქტების მედიკამენტებისა და საწვავის ფასებზე.

ეროვნულმა ვალუტამ დღეს საკუთარი არსებობის 24-წლიანი ისტორიის ანტირეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა. ახლა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ეროვნული ბანკის დათვლით, 2.91 ლარია, კომერციულ ბანკებში კი 2 ლარი და 96 თეთრი. გაუფასურების პარალელურად, ძვირდება პროდუქტები და ხალხს არსებობა სულ უფრო უძნელდება.

ლარის რეკორდული გაუფასურების გამო ოპერირებას წყვეტს იმპორტიორთა ნაწილი. ბიზნესმენები გაუფასურების პარალელურად იძულებულები ხდებიან, ფასები გაზარდონ, ეს კი გაყიდვებს ამცირებს და კოტრდებიან. შედეგად ბაზარზე რჩება ნაკლები იმპორტიორი და მეტი მოქალაქეები სამსახურების გარეშე.

სპეციალისტები ეკონომიკური გუნდის შეცდომებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ახლა ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თუმცა ხალხს მათი ნდობა აღარ აქვს.

ეკონომიკური კრიზისის მთავარ მიზეზად უცხოური ინვესტიციების შემცირებაც სახელდება, რასაც უკვე აღიარებს მთავრობაც.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ამ მიმართულებით დამატებითი დარტყმა იქნება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე, რაც არის გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ბიზნესგარემო არასტაბილურია.

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გუშინ გამოჩნდნენ. მთავრობა ლარის გაუფასურებას კვლავ ანტისაოკუპაციო აქციებს აბრალებს.

რას აკეთებს ამის შესაჩერებლად ეკონომიკური გუნდი უცნობია, ლარის ისტორიული გაუფასურება კი გრძელდება.

დღის ამბები