26 აპრილი 2024,   13:05
ვრცლად
პოლიტიკური რეპრესიები დაწყებულია - 20 ივნისის ღამის შემდეგ, აქციის 30-ზე მეტი მონაწილე დაპატიმრებულია

პოლიტიკური რეპრესიები დაწყებულია - ხელისუფლება აპატიმრებს ყველას, ვისთვისაც საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ხილვა, მიუღებელი აღმოჩნდა.

ზოოლოგს ბეჟან ლორთქიფანიძეს სახელმწიფო ედავება, რომ ის 20 ივნისს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა. ოჯახი, მისი მეგობრები, კოლეგები ირწმუნებიან, რომ ბეჟანი თავადაა დაზარალებული და მას რეზინის ტყვია შუბლში ესროლეს.

სახელმწიფო ბრალდებამ უკვე დააკავა 20 ივნისის პროტესტის მონაწილე 30-ზე მეტი ადამიანი. ბრალი ქვეყნის გადატრიალების მცდელობის, ამბოხისა და პოლიციელებზე ძალადობის მუხლებითაა წარდგენილი.

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს მორის მაჩალიკაშვილიც, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს საგანგებოდ არ მისულა. ის ბიძასთან ერთად 18 წლის თემირლანის მკვლელობის საქმის ობიექტურ გამოძიებას პარლამენტის წინ 400-ზე მეტი დღე ითხოვდა.

სასამართლო პროცესი, სადაც 8 განსასჯელის საქმე იხილებოდა, გუშინ გვიან ღამით დამთავრდა. ყველა შემთხვევაში სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენა.

ყველა, ვინც გუშინდელ პროცესებს ესწრებოდა აცხადებს, რომ სასამართლო დაკვეთას ასრულებს და ის ხელისუფლების რეპრესიებს საკუთარი გადაწყვეტილებებით ამყარებს.

საგულისხმოა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, აქციის დარბევისას დაჭრილი და ნაცემია 36 ჟურნალისტი. მათი საქმის გამოძიება მიბმულია სხვა დაზარალებულების საქმეს, თუმცა არსად მსოფლიოში, არ არსებობს პრეცენდეტი, როდესაც აქციის გაშუქებისას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება ამდენმა რეპორტიორს მიეღოს.

დღის ამბები