02 მაისი 2024,   18:01
ვრცლად
უახლოეს დღეებში პროდუქციაზე ფასები გაიზრდება - ბაზრობებზე უკვე პანიკაა 

ლარის რეკორდული გაუფასურების გამო გაიზრდება ფასებიც. კომპანიები, რომლებსაც საქართველოში უცხოური პროდუქტი შემოაქვთ, გადაანგარიშების პროცესში არიან. უახლოეს დღეებში პროდუქტი დახლებზე 10%-ით უფრო ძვირად გაიყიდება, თუმცა შესაძლოა, ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყო.

დღემდე უცხოეთიდან შემოსულ პროდუქციას იმპორტიორები 2,70-იან ნიშნულზე ანგარიშობდნენ, თუმცა ლარის კატასტროფულმა გაუფასურებამ ისინი გაკოტრების პირას მიიყვანა.

ფასები ორშაბათიდან გაიზრდება, მომხმარებელს სამი დღე რჩება, პროდუქცია ძველი ტარიფით იყიდოს. ბაზრებსა და ბაზრობებზე უკვე პანიკაა. ხალხი ამბობს, რომ იანვრიდან დღემდე ისედაც გაძვირებულ პროდუქტს ვეღარ ყიდულობდა, გაზრდილი ფასები კი მათ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. სოციალურად დაუცველი ფენა შიმშილისათვის განწირული ხდება.

ბაზარზე ძვირდება ყველაფერი, რაც უცხოეთიდან შემოდის და რაც საქართველოში იწარმოება. იმის გამო, რომ გაძვირდა საწვავი მომატებულია ხილის, ხორცის და ბოსტნეულის ფასიც. ამ ყველაფერს ემატება გაძვირებული ფქვილი. მეხორბლეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მარაგის ამოწურვის შემდეგ იძულებული იქნებიან, ფასებს გადახედონ.

დრამატული გაუფასურების შესაჩერებლად დღეს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 40 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვი გამოიტანა, თუმცა ის ბაზარმა სრულად ვერ აითვისა და მხოლოდ 32 მილიონი გაიყიდა. მოლოდინი, რომ ინტერვენცია ლარს მნიშვნელოვნად გაამყარებდა, არ გამართლდა.

ოპოზიციას მხოლოდ ინტერვენცია არასწორ ნაბიჯად მიაჩნია. ისინი რეზერვების გაყიდვასთან ერთად მთავრობის ჩართულობის აუცილებლობას ხედავენ. მთავრობის არა მხოლოდ ოპონენტები, არამედ უმრავლესობაც მიიჩნევს, რომ მთავარ საფინანსო ინსტიტუტს ინტერვენცია უფრო ადრე, ლარის რეკორდულ გაუფასურებამდე უნდა განეხორციელებინა.

 

დღის ამბები