03 მაისი 2024,   02:01
ვრცლად
ბიზნესმენები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ინტერესები გადაკვეთეს, დაკავეს

ბიზნესმენები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის ინტერესები გადაკვეთეს, ციხეში არიან - „ფრეგოს“ დამფუძნებლებს გიორგი თოფჩიშვილს და ვლადიმერ ყველაშვილს წინასწარი პატიმრობა ორშაბათს შეუფარდეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა ხელისუფლებამ მათი დაკავების ამბავი დამალა. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია „კურიერმა“ გაახმაურა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძულებული გახდა, ფაქტი დაედასტურებინა და განცხადება გაევრცელებინა.

ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და დუმილის უფლებას იყენებენ. საქმის დეტალებზე ადვოკატი არ საუბრობს ,მხოლოდ იმას ამბობს, რომ აქტივების დაყადაღება ზემდგომ ინსტანციაში უკვე გაასაჩივრეს.

„კურიერისთვის“ გამოგზავნილ შეტყობინებებში წერია, რომ „ფრეგომ“ საწვავის დაბალ ფასად რეალიზებით ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ინტერესები გადაკვეთა, რის გამოც მასზე შური ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა იძია.

ოპოზიციის ინფორმაცით, დაკავებამდე უჩა მამაცაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი სოსო რამიშვილი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსია, "ფრეგოს" დამფუძნებლებს ხუთ მილიონს სთხოვდა, უარის შემდეგ კი დააკავა. საგამოძიებო უწყების მტკიცებით კი, ბრალდებული ბიზნესმენები ყალბი აქტივის მქონე კომპანიასთან შეთანხმდნენ და ამ კომპანიამ, რომლის სახელს საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ, საქართველოში შემოიტანა საწვავი ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით. „კურიერმა“ კი გაარკვია, რომ ეს კომპანია შპს "ნიუ გრუპია". მისი 100%-იანი წილის მფლობელები აზერბაიჯანელები არიან.

„კურიერს“ კონფიდენციალურმა წყარომ უთხრა, რომ კომპანია "ნიუ გრუპის" ხელმძღვანელები უჩა მამაცაშვილის დავალებით მოქმედებდნენ, რომ ამ კომპანიამ ივანიშვილის გარემოცვის დავალებით საქართველოში საწვავი წინასწარი განზრახვით უკანონოდ შემოიტანა და კომპანია "ფრეგოს" მიჰყიდა.

რამდენიმე დღეში საქმე აღიძრა. შპს "ნიუ გრუპთან" დაკავშირებული ყველა პირი, მათ შორის ბუღალტერი ბელა ქიქავა საქართველოდან წავიდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები