05 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
"რუსთავი 2"-ში პროკურორები იმყოფებიან 

რუსთავი 2-ის შენობაში პროკურორები შემოვიდნენ. ამ წუთებში ტელევიზიის სათაო ოფისის ერთ -ერთ კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. საუბარია ოფისის იმ ნაწილზე, სადაც კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედია“ იყო განთავსებული. გუშინ პროკურორებმა დოკუმენტაცია „ინტერმედიას“ სათაო ოფისიდან ამოიღეს, ახლა კი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

პროკურორ ლაშა აბულაძის განმარტებით საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება დიდი ოდენობით თანხების მითვისების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეს.

„მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ეხება კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები სამსახურებრვი მდგომარეობის მითვისებით. ასევე მოჩვენებით ან თვალთმაქცური გარიგების გზით კომპანიის ქონების გადამალვის ფაქტებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩვენს მიერ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე  აღებული  იქნა სასამართლოს განჩინება. რომელიც შეეხება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობაში იჯარით გაცემული ფართის, კერძოდ, კი "ინტერმედია პლუსზე" იჯარით გაცემული ფართის ოთახში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. ეს მოქმედება ტარდება იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც გუშინ ჩატარდა სხვა მისამართზე. ამჟამად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. თუმცა მინდა დავაზუსტო რომ ეს მოქმედება, ჩვენს მიერ დოკუმენტებისა და ინფორმაციის მოძიება ეხება მხოლოდ შპს ინტერმედია პლუსს,“-განაცხადა ლაშა აბულაძემ.

კომპანია „ინტერმედია“ რუსთავი 2-ის კონტრაქტორი კომპანიაა, რომელიც  სარეკლამო დროს ყიდის. სწორედ ამ კომპანიის გენერალური დირექტორის ოთახში იმყოფებიან ამ წუთებში პროკურორები.

საგამოძიებო მოქმედებას ესწრება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის დეტალები უცნობია.

„მან განაცხადა, რომ ყველა დოკუმენტი აინტერესებს. იმ გამოძიების ფარგლებშია რაც არის დაწყებული. როგორც რუსთავი 2-ისთვის ზიანის მიყენების ასევე ინტერმედიასთან მიმართებაში დაწყებული გამოძიების და სავარაუდოდ ეს დოკუმენტები აინტერესებს, რაც არის დაკავშირებული ინტერმედიასთან. ამის მეტი ინფორმაცია არ მაქვს ამ ეტაპზე,“-განაცხადა პაატა სალიამ.

ინტერმედია არის რუსთავი 2-ის კონტრაქტორი კომპანია, რომელიც ყიდის სარეკლამო დროს. და სწორედ ამ კომპანიის გენერალური დირექტორის ოთახში იმყოფებიან ამ წუთებში პროკურორები.

 

დღის ამბები