02 მაისი 2024,   13:50
ვრცლად
ძალის გადამეტება - მოსკოვში სპეცრაზმი საკუთარ მოქალაქეებს სასტიკად უსწორდება

მოსკოვის ქუჩებში სპეცრაზმი საკუთარ მოქალაქეებზე ნადირობს. უკვე რამდენიმე საათია, ომონი სასტიკად უსწორდება ყველას, ვინც იმ ტერიტორიის სიახლოვეს გამოჩნდება, სადაც აქცია იყო დაანონსებული. დაკავებულთა რაოდენობა უკვე 700-ს აღწევს.

ხალხი, რომელიც კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას იცავს, ითხოვს სამართლიან არჩევნებსა და შეკრების თავისუფლებას, პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი კიდევ ერთხელ გახდა.

ტელეკომპანია „დოჟძის“ ჟურნალისტი პოლიციამ გადაღების დროს დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. კორესპონდენტი ყვება, რომ დაპატიმრებული ახალგაზრდა პოლიციელებმა ავტობუსიდან ჩაიყვანეს და მისი ცემა აბსოლუტურად უმიზეზოდ დაიწყეს.

სამართალდამცველების სისასტიკესა და ძალის გადამეტებაზე წერს ყველა დაკავებული, რომელიც ძალოვანებმა დღეს მოსკოვის ქუჩებში დააპატიმრეს. პოლიცია აკავებდა ყველას, ვინც იმ ტერიტორიას უახლოვდებოდა, სადაც სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით ოპოზიციის მომხრეთა ე.წ. სახალხო სეირნობა იყო დაანონსებული. სპეცრაზმელებმა არც „ედინაია რასიას“ პარტიის წევრი დაინდეს. 

დაკავებების სერია კი პოლიციამ ჯერ კიდევ დაანონსებული აქციის დაწყებამდე დაიწყო. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც 27 ივლისის მოვლენების შემდეგ პატიმრობას გადაურჩა, პოლიციამ საარჩევნო შტაბთან მიაკითხა. ლუბოვ სობოლი აქციაზე მიდიოდა. ის დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ლუბოვ სობოლი ერთ-ერთია იმ დამოუკიდებელი კანდიდატებიდან, ვინც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოსკოვის სათათბიროს არჩევნებზე არ დაუშვა. მისი თანამოაზრეები, დიმიტრი გუდკოვი და ალექსეი ნავალნი 27 ივლისის დარბევების შემდეგ პატიმრობაში იმყოფებიან. ერთი კვირის წინ დაპატიმრებული ხალხის გათავისუფლება დღევანდელი აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, თუმცა პოლიციამ ხალხს შეკრების საშუალება არ მისცა.

ყველა მოედანზე, სადაც მომიტინგეებმა შეკრება სცადეს, სპეცრაზმის მობილიზება გამოცხადდა. ხელისუფლებამ ოპოზიციაც და მოსახლეობაც წინასწარ გააფრთხილა, რომ აქცია არასანქცირებულია და კანონდამრღვევებს დაპატიმრებით დაემუქრა. ხელისუფლებამ საპროტესტო მუხტის ჩასახშობად კონცერტი დაგეგმა და მოსახლეობას აქციის ნაცვლად საყვარელი მუსიკოსების მოსასმენად გორკის პარკში მისვლა ურჩია. მიუხედავად ამისა, პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო მსვლელობა მაინც გამართეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები