05 მაისი 2024,   08:48
ვრცლად
"ცხოვრებამ ვადებში კორექტივები შეიტანა" - თალაკვაძე 2020 წლის არჩევნებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციის მესამე რაუნდს აცხადებს

მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსულტაციების მესამე რაუნდს იწყებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, კონსტიტუციაში შევა ცვლილებები, რომლის თანახმად არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს.

„2024 წელს უნდა გადავსულიყავით არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე, თუმცა ცხოვრებამ ამ ვადებში კორექტივები შეიტანა ...შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით; მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას;

პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც  არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება - კვლავაც მიიღებს 30%-იან დანამატს;

უფასო საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე. დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი,“- განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილი კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას.

წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული.

მისივე თქმით, პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5000 მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი გამარტივდება.

სხვა ცვლილებებთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით,  დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი: ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არცერთი / ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი.

დღის ამბები