05 მაისი 2024,   10:36
ვრცლად
ბრალდებულების მიმართ, რომლებიც აპროტესტებდნენ ოკუპაციას, არიან პოლიტიკურად დევნილები - ადვოკატი ვახტანგ იაშვილი

20 ივნისს მოვლენების შემდეგ მოქალაქეების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასა და დაკავებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებებზე მომუშავე რამდენიმე ორგანიზაციის განცხადებას დაკავებულების ადვოკატები ეხმაურებიან.

მათი განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები ეჭვს აღარ ტოვებს, რომ საქმე სწორედ პოლიტიკურ რეპრესიებთან გვაქვს.

ადვოკატი, ვახტანგ იაშვილი მესამე სექტორის განცხადებას პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, სამართალდამცავი უწყებების მიერ დაწყებულ გამოძიებებს სამართალთან კავშირი არ აქვს და პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

„ძალიან გამიხარდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოხატეს პოლიტპატიმართა მიმართ მხარდაჭერა. სხვაგვარად ამ პროცესს, რასაც ახორციელებს დღევანდელი მთავრობა, მსახური პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო, სხვაგვარად არაფერი შეიძლება ეწოდოს, ვინაიდან ამას, რასაც ისინი აკეთებდნენ და ვითომდა, იძიებდნენ საქმეს, არაფერი აქვს სამართალთან. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ არამარტო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ, არამედ სხვა ბრალდებულების მიმართ, რომლებიც აქციაში იღებდნენ მონაწილეობას და აპროტესტებდნენ სამართლიანად გავრილოვის ჩამოსვლას და საქართველოს ოკუპაციას, არიან პოლიტიკურად დევნილები“, - განაცხადა იაშვილმა.

ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პროდასავლური ძალების დისკრედიტაციას ახდენს.

„განცხადება, რაც გავრცელდა, არის ძალიან სწორი განცხადება, ძალიან მკაფიოდ არის ნაჩვენები მთელი არა მხოლოდ რეპრესიული ქმედებები, არამედ სამომავლო გეგმებიც, ფაქტობრივად, იკვეთება, ხელისუფლებას რაც აქვს სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და მედიის წინააღმდეგ. ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მიზანმიმართულად ხდება პროდასავლური ძალების დისკრედიტაცია, მიზანმიმართულად ხდება პროდასავლურად განწყობილი პოლიტიკოსების დევნა“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დღის ამბები