06 მაისი 2024,   16:49
ვრცლად
მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება - "კურიერის" წყაროს ინფორმაციით, მინისტრებთან ერთად თანამდებობას პრემიერიც დაემშვიდობება 

მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ბუნდოვანი პასუხით, პრემიერმ-მინისტრმა დღეს პრაქტიკულად დაადასტურა, რომ სამთავრობო ცვლილებები იქნება. „კურიერის“ ინფორმაციით, მთავრობას ოქტომბერში შეცვლიან და ამ თემაზე „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური შეთანხმება უკვე არსებობს. 

წყარო „ქართული ოცნებიდან“ „კურიერს“ უყვება, რომ გადაწყვეტილია ორი მინისტრის ბედი. პოსტს დაემშვიდობება, ქეთევან ციხელაშვილი და ის გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ასევე, თანამდებობას დატოვებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი. მიდის მსჯელობა, თუმცა არ არის გადაწყვეტილი პრემიერის შეცვლა. ივანიშვილი გუნდს არწმუნებს, რომ მთავრობა გიორგი გახარიას უნდა ჩააბარონ, ღარიბაშვილს კი ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ჰყავს.

პარლამენტს მთავრობის გაშვების ფორმალური საფუძველი სექტემბერში ექნება, როდესაც პრემიერი ბახტაძე დეპუტატებს ყოველწლიურ მოხსენებას წარუდგენს. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მთავრობის მეთაური კრიზისიდან გამოყვანის გეგმას ელოდება და ამის შემდეგ შეაფასებს, შეუძლია თუ არა ბახტაძეს უმძიმესი მდგომარეობის დაძლევა.

ბორტს მიღმა დარჩენილებისთვის, „ქართულ ოცნებას“ ახალი სამუშაო ადგილების მოძებნა მოუწევს. ნაწილმა შესაძლოა დაპირება მიიღოს, რომ 2020-ის საპარლამენტო სიაში მოხვდება, როგორც ჩანს ეს ბიძინა ივანიშვილის ახალი პოლიტიკური ტაქტიკაა. სანდო წყარომ „კურიერს“ უთხრა, რომ გადამდგარ მინისტრებს ადგილი "ოცნებამ" ახალი სიაში მოუძებნა. "კურიერის" ინფორმაციით, სიაში იქნებიან ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და პრემიერის მოქმედი მრჩეველი, დავით სერგეენკო. პრემიერის მრჩეველი, დევნილთა ყოფილი მინისტრი, სოზარ სუბარი და განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც ახლა ასევე ბახტაძის მრჩეველია.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ 7 წელია ბიძინა ივანიშვილი პრემიერად და სხვა თანამდებობებზე მხოლოდ იმ პირებს ნიშნავს, ვინც უფრო მეტად გამოხატავს მის მიმართ მორჩილებას და ივანიშვილის დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს.

"ოცნებას" შესარჩევი ჰყავს ახალი მთავრი პროკურორი, დასანიშნია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ასარჩევია ქვეყნის მთავარი უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელიც. გადამწყვეტი არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი ყველა ამ თანამდებობზე კადრებს განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩევს. ოპოზიცია ამბობს, რომ მთავრი ფაქტორი არა ცოდნა და გამოცდილება, არამედ პარტიის ლიდერის მიმართ ერთგულება იქნება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები