26 აპრილი 2024,   08:24
ვრცლად
სიცოცხლისთვის სახიფათო სამუშაო პირობების გამო 60 მშენებარე ობიექტზე პროცესი შეჩერდა

სიცოცხლისთვის სახიფათო სამუშაო პირობების გამო 60 მშენებარე ობიექტზე პროცესი შეჩერდა. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მიიღეს.

შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ამ ობიექტებზე არ იყო რისკები შეფასებული. მათ შორის უგულებელყოფილი იყო სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, საფრთხეს წარმოადგენდა ლიფტების შახტები და ჭები, არ იყო გამართული სამშენებლო აღჭურვილობა.

თბილისში სამი კვირაა მოწმდება სამშენებლო ობიექტები. ამ პერიოდში 117 ობიექტი შემოწმდა და 60 ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი კომპანიები გააფრთხილეს და ხარვეზების გამოსასწორებლად ათდღიანი ვადა მისცეს. თუ არ გამოსწორდა ეს ხარვეზები, კომპანიების ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ.

„შეჩერება სადაც მოხდა, ეს არის კრიტიკული შეუსაბამობა, რომელმაც შესაძლოა მყისიერად შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე, ამიტომ, იქნა მიღებული გადაწყვეტილება შეჩერების შესახებ. 10-დღიანი ვადა არის, ჩვენ ვაძლევთ ვადას კომპანიებს, სადაც კრიტიკული არ არის შეუსაბამობები, რომ გამოასწორონ და არ დაჯარიმდნენ, ხოლო თუ არ აღმოიფხვრება ამ პერიოდში უკვე, ფინანსურ სანქციაზეც გადავდივართ“, - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

დღის ამბები