26 აპრილი 2024,   13:25
ვრცლად
"ხალხს საჭმლის და წამლის ფულიც არ აქვს"- ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 1 დოლარის ღირებულება 2.97-ის ნიშნულს მიუახლოვდა. ევროს ღირებულება კი 3 ლარი და 28 თეთრია.

ექსპერტების ნაწილი ლარის გაუფასურების მიზეზად ქვეყნის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ  ეროვნული ბანკი არ შეცვლის არსებულ პოლიტიკას, ლარის კურსი უფრო მკვეთრად გაუფასურდება. 

"მიზეზი, ერთი თავი და თავი არის ის, რომ ქვეყნის ეკონომიკური გუნდის არასტაბილური მმართველობა ამ კუთხით. ჩვენ ვხედავთ, როგორ დავარდა ინვესტიციების შემოსვლები. ეს გამოიწვია ძირითადად ბოლო მოვლენებმა, რომ თითქოსდა არის ესეთი საუბარი, რომ ორიენტაცია პოლიტიკური შეიცვალა რუსეთისაკენ,  იგივე თიბისი ბანკის საკითხები აქვე უნდა ვისაუბროთ ამ ტენდერებზეც, რომელიც ფაქტიურად გაუმჭვირვალეა. თუ რაიმე ქმედითი ღონისძიებები არ გატარდა ეროვნული ბანკის, ანუ რეგულაციები, რაც გამოუშვა ბოლო პერიოდში ან არ გააუქმა, ან არ შეამსუბუქა ჩვენ უკვე კურსს ველოდებით სამზე მაღლა",- განაცხადა ეკონომისტმა ნიკა შენგელიამ.

"კურიერთან" ინტერვიუში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ლარის კურსის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. მათი თქმით, ღარიბი ეკონომიკის პირობებში გაუფასურებული ლარის კურსი ხალხზე უფრო მძიმედ აისახება. 

"საქართველოს მოსახლეობაზე ძალიან მძიმედ აისახა, ძალიან რთული სიტუაციაა, ხალხს ელემენტარული საჭმლის და წამლის ფულიც არა აქვს, ჩემო კარგო, და ძალიან ვწუხვარ ამის გამო, მე კი არა, ზოგადად მთელი ქართველი მოსახლეობა,"- აცხადებს  ერთ-ერთი მოქალაქე.

დღის ამბები