06 მაისი 2024,   16:42
ვრცლად
თურქეთი-სირიის საზღვარზე სროლის ხმა ამ წუთებშიც ისმის - კონფლიქტის ზონაში სიტუაცია უკიდურესად მწვავეა

თურქეთი-სირიის საზღვარზე სროლის ხმა ამ წუთებშიც ისმის. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია კი პერმანენტულად ვრცელდება. კონფლიქტის ზონაში სიტუაცია უკიდურესად მწვავეა.

ქურთების მიერ კონტროლირებადი ციხეებიდან ტერორისტების ნაწილმა გაქცევა მოახერხა. ექსპერტების ნაწილი რეგიონში შესაძლო ტერაქტების საშიშროებაზე ლაპარაკობს. ცოტა ხნის წინ პენტაგონმა ახალი განცხადება გააკეთა.

ამერიკა სირიიდან დამატებით ჯარებს გაიყვანს, რადგან თურქეთმა შესაძლოა სამხედრო ოპერაციის არეალი გააფართოოს.

დანაკარგები აქვთ კონფლიქტში ჩართული მხარეების სამხედრო ძალებსაც. დათმობას არც ქურთები და არც თურქები არ აპირებენ. საქართველოში თურქეთის ელჩი ექსკლუზიურად "კურიერისთვის" ამბობს, რომ ოპერაციის მიზანი მხოლოდ ქვეყნის საზღვრის დაცვაა.

როგორც აღმოსავლეთმცოდნე მარიამ გურეშიძე ამბობს, "ისლამური სახელმწიფოს"" დამარცხებაში ქურთმა მებრძოლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მკვლევარი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი პროცესებს ყურადღებით აკვირდება და ქურთების მასობრივ მკვლელობას არ დაუშვებს. მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი კი აქცენტს უსაფრთხოებაზე აკეთებს. მისი შეფასებით, სირიაში მდგომარეობის გამწვავებამ შესაძლოა რეგიონში ტერაქტების საფრთხე გაზარდოს.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ოფიციალური ანკარის განცხადებით, მათი მიზანი ექსტრემისტული დაჯგუფებების განადგურება, თურქეთ-სირიის საზღვარზე ე.წ. "უსაფრთხო ზონის" შექმნა და 2 მილიონამდე სირიელი დევნილის უკან დაბრუნებაა.

დღის ამბები