11 დეკემბერი 2019,   21:16
ვრცლად
ბრძოლა "რუსთავი 2-ისთვის" - დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართეს

"რუსთავი 2-ისთვის" ბრძოლა ისევ გრძელდება.  დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართავენ. საქმეში მთავარი მოპასუხე კი "რუსთავი 2-ის" 100%-იანი წილის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში იქნება.

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ისინი იყენებენ სწორედ იმ სამართლებრივ არგუმენტს, რომლითაც უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ქიბარ ხალვაშთან მიმართებით იხელმძღვანელა.

"მოსამართლეს, რომელიც განიხილავს ამ საქმეს, ექნება ორი არჩევანი. პირველი, მოსამართლემ ან უნდა დააკმაყოფილოს ჩვენი სარჩელი, ან უნდა უარყოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. მტკიცებულებები არის ხელისგულზე, ჩვენ შესაბამისად ვითხოვთ ერთადერთ რამეს, რაც არის სამართლიანი სასამართლო,"- განაცხადა აქიმიძე-დვალის ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ.

"დღეს სასამართლოში სარჩელის შეტანით იმედს გამოვთქვამთ, რომ ქართული მართლმსაჯულება ყურადღებით მოეკიდება პრობლემას, რომელიც ამ ქვეყნის მედიის, მოქალაქეების უფლებების და თავისუფლების აღდგენას შეეხება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ "რუსთავი 2-თან" დაკავშირებული პროცესი მოექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ამიტომ, წინასწარ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ღია და ტრანსფარენტული,"- აღნიშნა ჯარჯი აქიმიძემ.

"რუსთავი 2-ის"  დამფუძნებლები მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს თხოვნით მიმართავენ, რომ პროცესს მონიტორინგი გაუწიონ.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს უპასუხა. პაატა სალიას განმარტებით, ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა სასამართლოში სარჩელის შეტანა დააგვიანეს. პაატა სალიას თქმით, აქიმიძე-დვალის სარჩელი ხანდაზმულია.

"ადრეა ვისაუბროთ სარჩელის შინაარსზე, თუმცა პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ფაქტებიდან შემიძლია ერთი კომენტარი გავაკეთო. განსხვავებაა ქიბარ ხალვაშისა და ჯარჯი აქიმიძე-დავით დვალის სარჩელებს შორის, იმიტომ, რომ დროში არის ძალიან დიდი განსხვავება. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10 წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის, ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ, პროკურატურისთვის მიმართვით, დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომომდინარე, დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშის სარჩელი. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის, პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებული და მათ ამ სარჩელის წარდგენა უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე," - განაცხადა პაატა სალიამ.

დღის ამბები