05 მაისი 2024,   08:16
ვრცლად
ექსპერტიზის დასკვნა და 17 თითის ანაბეჭდი - პროკურატურამ ე.წ. მუქარის წერილის დედანი მიიღო  

პროკურატურამ ე.წ. მუქარის წერილის დედანი მიიღო. მამუკა ხაზარაძე წერილის კურიერს მხოლოდ მას შემდეგ დაასახელებს, რაც მთავარი პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს. "თიბისი" ბანკის დამფუძნებელმა ხაზგასმით თქვა, რომ მისი ბრალდების მთავარი ადრესატი არა გიორგი გახარია, არამედ წერილის ავტორია. კითხვაზე - არის თუ არა წერილის ავტორი ბიძინა ივანიშვილი და ასრულებდა თუ არა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი მის დავალებას, ხაზარაძემ პასუხგაუცემლად დატოვა.

მამუკა ხაზარაძემ ადვოკატთან ერთად საგამოძიებო უწყებას გადასცა ბრიტანული ექსპერტიზის დასკვნაც, რომელმაც დაადგინა, რამდენი თითის ანაბეჭდია წერილზე. ახლა მთავარმა პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ვის ეკუთვნის წერილზე ასახული თითის ანაბეჭდები.

როგორც თადუმაძის უწყებაში ამბობენ, წარმოდგენილ მასალებს გაეცნობიან და სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ. მათ შორის, გამოკითხავენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფ პირებს. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად საგამოძიებო უწყებაში მისვლა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასაც მოუწიოს.

დღესვე, "თიბისი" ბანკის დამფუძნებლის უფლებადამცველებმა ქვეყნის მთავარ ომბუდსმენს წერილის ასლი და ექსპერტიზის დასკვნა გადასცეს. ხაზარაძის ადვოკატები ფიქრობენ, რომ ნინო ლომჯარიამ გამოძიებას მონიტორინგი უნდა გაუწიოს და მტკიცებულებების დაცვა შეძლოს. 

ეს იმ წერილის დედანია, რომელიც "თიბისი" ბანკის დამფუძნებლის მტკიცებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო. წერილის ექსპერტიზაზე ბრიტანული საექსპერტო ბიურო მუშაობდა.

ექსპერტიზისთვის საქართველოდან წერილი და გამჭვირვალე საქაღალდე გაიგზავნა. გაირკვა, რომ ცისფერი მელნით ნაწერ თეთრ ქაღალდზე 17 თითის ანაბეჭდი ფიქსირდება. საქაღალდეში კი, რომელშიც წერილი იდო, ათობით ფრაგმენტია ასახული. არ არის გამორიცხული, რამდენიმე ანაბეჭდი ერთ ადამიანს ეკუთვნოდეს. საქმის ახალი მასალები დღეს ზვიად კორძაძემ მედიასთან გაასაჯაროვა.

ხაზარაძე თვეების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ წერილი გიორგი გახარიასგან მიიღო. ნახევარგვერდიან გზავნილში მაშინდელი შსს მინისტრი "თიბისი" ბანკის დამფუძნებელს რამდენიმე მოთხოვნის შესრულებას სთხოვდა, რაც ბიზნესმენმა არ შეასრულა. ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ ხაზარაძე ხშირად ამბობდა, რომ პოლიტიკური დევნა ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდებოდა. 




 

 

 

 

დღის ამბები