12 ნოემბერი 2019,   19:35
ვრცლად
"რუსთავი 2 -ის" დაყადაღებული წილები - სასამართლომ აქიმიძე-დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო  

"რუსთავი 2 -ის" წილების 60 პროცენტი დაყადაღებულია. სასამართლომ წარმოებაში მიიღო ტელეკომპანიის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის სარჩელი. აქიმიძე-დვალის მოთხოვნა სასამართლოში იმავე პროცენტული წილის დაყადაღება იყო, რომლის დაბრუნებასაც "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები უკვე წლებია ცდილობენ. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე წილებზე ყადაღის დადების მოთხოვნას ტელეკომპანიის გაყიდვა- გასხვისების შესაძლებლობის გამორიცხვით ხსნიან.

დამფუძნებლები არ მალავენ, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის საკითხის სადაოობას ელოდნენ, მაგრამ მათი ინტერესების დამცველის მტკიცებით, საქმე სამართლებრივად გამართულია. კახა კოჟორიძის მტკიცებით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში აქიმიძე-დვალის საქმე პერსპექტიული დავაა.

სარჩელის შინაარსი ქიბარ ხალვაშის ადვოკატისა და "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორისთვის უცნობია. პაატა სალიას სასამართლოდან ჯერ არც განჩინება მიუღია. დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, მოსამართლის გადაწყვეტილებას წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია, სავარაუდოდ, გაასაჩივრებს. 

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" მფლობელობასთან დაკავშირებით ახალ სამართლებრივ დავას მონიტორინგს მედიაკოალიცია გაუწევს. როგორც "ევროპულ საქართველოში" ამბობენ, თუ რაიმე წინააღმდეგობა მიმდინარეოდა "რუსთავი 2-ის" მიმართ, ეს მისი სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარეობდა. 

"თუკი რაიმე ბრძოლა მიმდინარეობდა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, მიმდინარეობდა მისი სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ და მიმდინარეობდა პირადად ივანიშვილის და რა თქმა უნდა, მთელი "ქართული ოცნების" მხრიდან და დაუფარავი, საჯარო განცხადებები ამის პირდაპირი მტკიცებულებებია და ეს მიზანი შესრულებულია,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

 

დღის ამბები