20 ნოემბერი 2019,   13:06
ვრცლად
"კავეასთან" დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული - კინოლოგიური სამსახური კინოდარბაზებს ამოწმებს

"თბილისი გალერეაში" განთავსებულ კინოთეატრ "კავეაში" ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების დაწყებამდე ერთ საათზე მეტია დარჩენილი, თუმცა ადგილზე უკვე სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, ისინი განლაგებულნი არიან როგორც შენობის გარეთ, ასევე შიგნითაც.

ჯერჯერობით ადგილზე არ გამოჩენილან ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც ფილმის ჩვენებას გუშინ ლოცვასთან ერთად, ძირითადად ძალადობრივი მეთოდებით აპროტესტებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს დღეს განსაკუთრებული ექსცესების მოლოდინი არ აქვს. ვაჟა სირაძის თქმით, პოლიცია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას:

"დღეს არ დაკავებულა ამ ფაქტთან დაკავშირებით არცერთი პირი, რაიმე პროვოკაციის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ. ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. შემოწმებულია კინოლოგიური სამსახურის მიერ თითოეული კინოდარბაზი. მაყურებლის შემოწმების პროცედურები იქნება სტანდარტული, როგორც გუშინ, პოლიციური ძალები განთავსებული იქნებიან კინოდარბაზის და მიმდებარე ტერიტორიაზე და მეტალო-დეტექტორების საშუალებით მოხდება დამსწრე საზოგადოების შეყვანა დარბაზში," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

კინოთეატრ "კავეაში" ფილმის და ჩვენ ვიცეკვებთ ჩვენების დაწყება 19:45 წუთზეა დაგეგმილი.

დღის ამბები