11 მაისი 2024,   06:24
ვრცლად
თუ ადამიანი ეკლესიის წევრი არ არის, მას ეკლესია ვერ ემსახურება - მეუფე საბა წესის აგებაზე

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბას განცხადებით, გარდაცვლილმა შაკო ბარამიძემ "გირჩში" გაწევრიანებით ეკლესიაზე უარი თქვა, ამიტომაც ეკლესია მას ვერ მოემსახურება. მიტროპოლიტის თქმით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას სინოდი მიიღებს. 

"ეკლესიამ ჯერ ვერ მოასწრო ამ თემის ირგვლივ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. იმსჯელებს ამაზე სინოდი. მე ოჯახს შევპირდი, რომ თუ უმნიშვნელო შესაძლებლობაც კი გამოჩნდება იმისთვის, რომ მას წესი აუგონ, პირველი მე მივალ და ამას გავაკეთებ. როდესაც ადამიანი გაწევრიანდება "გირჩში" ან მსგავს რელიგიურ ორგანიზაციაში, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ეკლესიაზე ამბობს უარს და თუ ადამიანი ეკლესიის წევრი არ არის, მას ეკლესია ვერ ემსახურება. ამიტომ, უარყოფითი პოზიცია ვიღაც-ვიღაცეებმა ეკლესიის წინააღმდეგ კი არ უნდა გააკეთონ, "გირჩს" მიხედონ, მათი პოზიცია ეკლესიის და სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული,"- განაცხადა მეუფე საბამ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, 5 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესის აგებაზე უარს იმ მიზეზით, რომ გარდაცვლილი შაკო ბარამიძე "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავრად ირიცხებოდა.

"ბიბლიური თავისუფლება" პოლიტიკური პარტია "გირჩის" მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციაა, რომელიც ნებისმიერ მსურველზე გასცემს მღვდელმსახურის მოწმობას.

ორგანიზაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად შეიქმნა. მოგვიანებით "ბიბლიურმა თავისუფლებამ" გასცა ცნობა, რომ ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და ის აღარ ირიცხებოდა ამ კონკრეტული ეკლესიის მღვდელმსახურად, მიუხედავად ამისა, ოჯახს წესის აგებაზე მაინც უარი უთხრეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები