08 დეკემბერი 2019,   06:56
ვრცლად
ხმაური დიდუბეში - ღია ცის ქვეშ დარჩენილი სეხნიაშვილების 8 სულიანი ოჯახი მეზობელმა შეიფარა

8 სულიანი ოჯახი, 4 მცირეწლოვანი შვილით ღია ცისქვეშ დარჩა - დღეს თბილისში, დიდუბის რაიონში მცხოვრები სეხნიაშვილების საცხოვრებელ სახლთან დაპირისპირება აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საპატრულო პოლიციის გამოჩენას მოჰყვა.

აღსრულების ბიურომ სახლიდან საოჯახო ნივთები და ავეჯი სადარბაზოში გამოიტანა. კარის საკეტი შეცვალა და ბინა დალუქა. უბინაოდ დარჩენილები დღეს დროებით მეზობელმა შეიფარა.

სეხნიაშვილებს სახლის დატოვება გაუჭირდათ. არსებულ ვითარებას ვერ გაუძლო 62 წლის დიასახლისმა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

ოჯახმა საცხოვრებელი ბინა იპოთეკით 2016 წელს დატვირთა, 3 თვის შემდეგ პროცენტის გადახდა ვერ შეძლო და სახლი 2017 წლის ზამთარში გაიყიდა. ბინის ახალ მფლობელთან დავა 3 წელი მიმდინარეობდა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში ამბობენ, რომ ოჯახის გამოსახლების პროცესი ვეღარ შეჩერდებოდა, რადგან უკვე იურიდიულად ყველა ვადა ამოწურული იყო.

სეხნიაშვილების ოჯახი ბინათმესკუთრეთა კოოპერატივებით დაზარალებულებიც არიან და რიგს ელოდებიან, რომ ბინა საკუთრებაში მერიამ გადასცეს. მანამდე კი დიდუბის გამგეობა ოჯახს ბინის ქირის თანხას აუნაზღაურებს.

სეხნიაშვილების ოჯახი პირველი არ არის ვინც ღია ცის ქვეშ დარჩა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით 2013 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით მსგავსი პრობლების გამო 1996 ოჯახის გამოსახლება მოხდა.

დღის ამბები