04 მაისი 2024,   20:26
ვრცლად
უმრავლესობა მოქმედი საარჩევნო წესის დახვეწაზე ალაპარაკდა - ოპოზიცია დიალოგს მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდება

პარლამენტის პიკეტირების დაშლიდან 5 საათში, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაციის ფონზე დაწყებული სხდომა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციისთვის გაჟღერებული შეთავაზებით გახსნა.

არჩილ თალაკვაძემ აქციების ორგანიზატორებს მიმართა, რომ პარლამენტი მზად არის განიხილოს მთავარი პოლიტიკური საკითხები, ამისთვის კი ოპოზიცია ქუჩიდან პარლამენტს უნდა დაუბრუნდეს.

რას გულისხმობდა არჩილ თალაკვაძე, როდესაც დიალოგის გზით კანონში ცვლილებასა და მაჟორიტარულ მანდატებზე საუბრობდა, ეს მოგვიანებით ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განმარტა.

გიორგი კახიანმა დააკონკრეტა, რომ დიალოგი ოპოზიციასთან უნდა გაიმართოს არა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, არამედ მოქმედი, შერეული წესის დახვეწაზე.

ოპოზიცია დიალოგს მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდება, თუ 2020-ში არჩევნები ან პროპორციული სისტემით ან ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდება. ლიდერები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესის ქუჩიდან პარლამენტში დაბრუნება თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ხელშია და მას 76 ხმა სჭირდება. უფრო ზუსტად, იმ საარჩევნო სისტემის მოდელის გატანა, რომელიც მათი განცხადებით, კონსტიტუციასთანაც თანხვედრაშია და იმ მოთხოვნასაც პასუხობს, რომელზეც კონსესუსი მხარეებს შორის ზაფხულში შედგა.

საპარლამენტო ოპოზიციას არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალებიც ეთანხმებიან. აქციების ორგანიზატორები სისტემის შეცლის გარდა სხვა არც ერთ თემაზე დიალოგის დაწყებას არ აპირებენ.

არც ოპოზიცია და არც უმრავლესობა პრინციპულ საკითხებზე დათმობაზე წასვლას არ გეგმავენ და ურთიერთბრალდებების რეჟიმში რჩებიან. ოპოზიცია მმართველ გუნდს აღარ ენდობა. საკუთარი მოქალაქეების ნების იგნორირებასა და პოლიტიკური კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს. უკან დახევას არც სახელისუფლებო გუნდი გეგმავს, რომელიც შეკრებას მთავარ პოლიტიკურ ორგანოში, უკვე მეორედ, მხოლოდ სპეცრაზმის დახმარებით ახერხებს.

დღის ამბები