05 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები და აღმოჩენილი დარღვევები - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით მინისტრებისა და მათი მოადგილეების სამეწარმეო საქმიანობ შეისწავლა, ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული დარღვევები გამოავლინა.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეებიდან, 18 შემთხვევაში თანამდებობის პირს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა  მათ შორის 3 მინისტრს: ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს. ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების თითქმის ნახევარს – 64-დან 29-ს - კომერციული ინტერესი უდასტურდება.

კვლევის მიხედვით, მათ დარღვეული აქვთ კანონის ის მოთხოვნები, რომლებიც კომერციული ინტერესის გამჟღავნებას და ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილებას უკავშირდება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევაში აღნიშნულია: 

"18 შემთხვევაში თანამდებობის პირს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა – მათ შორის 3 მინისტრს: ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს;

6 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. ეს თანამდებობის პირები არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, განათლების მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და ბადრი მაისურაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ბადრი ნანეტაშვილი;

4 შემთხვევაში თანამდებობის პირი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში – თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი;

3 შემთხვევაში თანამდებობის პირი (ან ოჯახის წევრი) ფლობს წილს ისეთ კომპანიაში, რომლის საქმიანობაც, სავარაუდოდ, სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე;

1 შემთხვევაში თანამდებობის პირმა დაარღვია ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვადა – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე," - აღნიშნულია კვლევაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" "საჯარო სამსახურის ბიუროს" მიმართავს, შეისწავლოს ამ კვლევაში გამოვლენილი დარღვევები და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

დღის ამბები