05 მაისი 2024,   07:31
ვრცლად
როგორც ჩანს, ლუკა არაა ერთადერთი, ვისაც ჩვენების მიცემა აიძულეს - სულხან სალაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში", რომელიც 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესებს იცავს, აცხადებენ, რომ დაკითხვის დროს სამართალდამცველებმა არასრულწლოვნები ერთმანეთთან დააპირისპირეს.

ორგანიზაციის ადვოკატი რეზო აჭარაძე ირწმუნება, რომ საქმის მასალების შესწავლისას გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობა ნამდვილად გამოიკვეთა.

"საქმის მასალებს გავეცანი. დადგინდა, რომ მარიანა ჩოლოიანმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ნამდვილად ჩაიდინა. ასევე, დადგინდა, რომ სხვა პოლიციელებიც იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა ეს სხვა პოლიციელები, როგორც ჩვენებიდან ირკვევა, ჯერ არ არიან იდენტიფიცირებულები. უნდა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები, რათა ეს პირებიც არ დარჩნენ დაუსჯელები. როდესაც მიცემული ჩვენებები უკვე დადასტურდება სრულყოფილად, იქნება ეს ვიდეო კამერების სრულყოფილი დათვალიერებით, სხვა მოწმეთა მოძიებით თუ სხვა საგამოძიებო ქმედებით, ველოდებით, რომ შესაბამისი ბრალდება სხვა პირებსაც წარედგინებათ,"-განაცხადა რეზო აჭარაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური იძულება, შესაძლოა, მეორე არასრულწლოვნის შემთხვევაშიც გამოიკვეთოს. 

"ბევრი მიმართულებით მოუწევს გამოძიებას საქმის შესწავლა, მათ შორის იმ მეორე არასრულწლოვნის ნაწილში, რომელმაც, შესაძლოა, ასევე განიცადა ფსიქოლოგიური ან სხვა სახის იძულება თუ ძალადობა. ესეც ერთ-ერთი საკითხია, რაც უნდა დაადგინოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რადგანაც, როგორც ჩანს, ლუკა არ იყო ერთადერთი, ვის მიმართაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა ისეთ მოქმედებას, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, კონფლიქტშია კანონთან,"- განაცხადა სულხან სალაძემ.

15 წლის ლუკა სირაძის ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს. დაღუპულს "ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში" ექსპერტიზა ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა.

ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიურად იძალადეს. 

დღის ამბები