05 მაისი 2024,   10:08
ვრცლად
ოპოზიცია და მთავრობა ამ სისტემის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ - ტიკარაძე

"ეს სისტემური ხარვეზია და არ შეიძლება პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ პიროვნებას,"- ეს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტის შეფასებისას გააკეთა.

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ სისტემურ ხარვეზთან საბრძოლველად ოპოზიცია და მთავრობა უნდა გაერთიანდეს.  

"ჩემთვის ეს ნამდვილად იყო ძალიან ემოციური, ვინაიდან მე ვარ მოზარდის დედა. ჩემი შვილიც საკმაოდ ემოციურია ამ ფაქტის მიმართ. ჩემთვის ეს იყო ძალიან ძნელი, თვითონ ფაქტი ფაქტად აღსაქმელად. მე აუცილებლად ვითანამშრომლებ. ვთვლი, რომ ეს სისტემური ხარვეზია და არ შეიძლება პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ პიროვნებას, ჩვენ უნდა მივუდგეთ ამას სისტემურად. ეს არის ერის ტრაგედია და, ამ შემთხვევაში, არ არსებობს მთავრობის და ოპოზიციის გუნდი, ჩვენ ამ სისტემის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ, ესაა ჩვენი მომავალი,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა.

ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა. 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები