05 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
მავთულხლართებში "გაჭედილი" კუხიანიძე - დეპუტატი ამტკიცებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ექიმის წამოსაყვანად მიდიოდა

ორი მცდელობა და ორივე უშედეგო. ერეკლე კუხიანიძის გადასვლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კრახით დასრულდა. 

უმრავლესობიდან გარიცხული საკრებულოს დეპუტატი, რომელიც საკუთარი გამონათქვამების გამო სერიოზულ სკანდალში გაეხვა, დღეს თავად ამბობს რომ საოკუპაციო ხაზთან ტყეში "იბოდიალა" და მავთულხლართებში "გაიჭედა." კუხიანიძე ასევე ამტკიცებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ვაჟა გაფრინდაშვილის წამოსაყვანად მიდიოდა.

ერეკლე კუხიანიძემ საკუთარი არხებით, როგორც თავად ამბობს, ოკუპირებულ ცხინვალში გადასვლა ვერ შეძლო. საკრებულოს დეპუტატმა დანაშაულის გამოსწორება ამ გზით სცადა.

მას შემდეგ, რაც კუხიანიძის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, დეპუტატმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსულად მიმართა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს და ახალი ურთიერთობების დაწყება და ტყვეობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება თხოვა. 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ, "ქართული ოცნების" დეპუტატს საკრებულოში საკუთარი კაბინეტის დაცლა მოუწევს.

გადაწყვეტილება უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კუხიანიძის დაუსწრებლად მიიღეს. მმართველ პარტიაში განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ერეკლე კუხიანიძე 5 დღიანი ფიქრის შემდეგ გაწირეს, რომელსაც წინ საკრებულოში ხმაურიანი დაპირისპირებები უძღვოდა.

საკრებულოს ოპოზიციისთვის მიღებული გადაწყვეტილება საკმარისი არ არის. "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ერეკლე კუხიანიძის დეპუტატის მანდატის შეჩერებას ითხოვენ. 

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, ერეკლე კუხიანიძის მიერ პროვოკაციაში დადანაშაულებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახიც გამოეხმაურა. თამილა ლაფანაშვილი მიიჩევს, რომ საჯარო მოხელე თავშეკავებული უნდა იყოს.

ერეკლე კუხიანიძე პოზიციებს არ იცვლის და არც საკრებულოს მანდატის დატოვებას აპირებს. ოფიციალურად, უმრავლეოსობის რიგებიდან გასვლა კი, სავარაუდოდ პარასკევს მოუწევს. სწორედ ამ დღესაა ჩანიშნული ცხინვალში ე.წ სასამართლო
სხდომა.

ექიმის ოჯახის წევრები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ელოდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები