05 მაისი 2024,   07:12
ვრცლად
ლუკა სირაძის გარდაცვალება - დედაქალაქი და რეგიონები საპროტესტო აქციებმა მოიცვა

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას აქციები მოჰყვა მთელი საქართველოს მასშტაბით. მოსწავლეები, სტუდენტები, მშობლები, პოლიტიკური პარტიები და მათი აქტივისტები. ყველას ერთი მოთხოვნა აქვს - დამნაშავე პირების დასჯა. აქციების დროს იყო პოლიციასთან რამდენიმე ხმაურიანი დაპირისპირებაც. ამ წუთებში სტუდენტები პარლამენტის წინ არიან შეკრებილები. ამის გარდა პარლამენტთან სანთლებს ანთებენ და წარწერებს ტოვებენ სხვა ახალგაზრდებიც.

დაპირიპირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეების თქმით, მათ შენიშნეს, რომ ადგილზე მყოფი სამართალდამცველები ფოტოებს უღებდნენ.

მცირე დაპირიპირება მოხდა პოლიციასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობის დროსაც. აქციის მონაწილეები სავალი გზის ნაწილზე გადასვლას ითხოვდნენ. 

გლოვის ნიშნად თავისუფლების მოედანზე წარწერას: "ისტორიებით სავსე ქალაქი" მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა შავი ლენტი შემოახვიეს.

ლუკა სირაძის გარდაცვალება გააპროტესტეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმაც. 

გარდაცვლილი ლუკა სირაძის დედას დღეს სოლიდარობა გამოუცხადეს 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულების დედებმაც, ისინი დღეს მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ.

სკოლის მერხი და სკამი 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ძალადობის სიმბოლოდ დაიდგა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შენობასთან. მდუმარე პერფორმანსი საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ქვეყნის სამსახურში“ წარმომადგენლებმა გამართეს. 2 საპროტესტო აქცია გაიმართა ”მწვანე სკოლის” წინაც, აქციის მონაწილეებმა სკოლის შესასვლელთან საპროტესტო წარწერები დატოვეს. 

დილიდან ძალოვან უწყებასთან იყვნენ მისული ანა დოლიძე და აქციის სხვა მონაწილეები, მათ მოზარდის გარდაცვალების გამო ადგილზე მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

ლუკა სირაძის გარდაცვალება საზოგადოების ნაწილმა პოლიციის იმ განყოფილებასთანაც გააპროტესტა, სადაც თვითმკვლელომაბდე მოზარდი გამოიკითხა.

პროტესტს შეუერთდნენ სკოლის მოსწავლეებიც. მათი ნაწილი პირველ სკოლასთან შეიკრიბა და გარდაცვლილ თანატოლს სოლიდარობა გამოუცხადეს.

დედაქალაქის გარდა, აქციები გაიმართა რეგიონებშიც. 15 წლის მოზარდის გარდაცვალება გააპროტესტეს მისმა თანატოლებმა ბათუმსა და ქუთაისში.

პროტესტი გამოთქვეს დღეს პოლიციის განყოფილებებთან გურიასა და კახეთშიც.

15 წლის მოზარდი გუშინ საღამოს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ის სიკვდილს 5 დღის განმავლობაში ებრძოდა. ლუკა სირაძის გარდაცვალებიდან მალევე მთელი ქვეყნის მასშტაბით გუშინვე გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები