05 მაისი 2024,   04:04
ვრცლად
რატომ არ ისაუბრეს პრესკონფერენციაზე დავით გარეჯის პრობლემაზე - აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს ზალკალიანმა უმასპინძლა

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი. სამი ქვეყანა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობას თბილისში იხილავს. თუმცა არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დახურულ კარს მიღმა იხილება, მაგრამ საჯარო განცხადებებისას ყველა ფრთხილობს. ეს არის დავით გარეჯი და სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში მომლოცველების შეშვების საკითხი.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დღეს ერთობლივი პრესკონფერენციით დასრულდა, სწორედ ამ შეხვედრის ფარგლებში დასვა "კურიერმა" დღეს შეკითხვა გარეჯის თემაზე.

აზერბაიჯანელ დიპლომატს საერთო პრესკონფერენციაზე არაფერი უთქვამს საქართველოსთან დაწყებულ მოლაპარაკებებზე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ.  როდის გაიხსნება უდაბნოსა და ჩიჩხიტურისკენ გზა ტურისტებისა და მომლოცველებისთვის, კვლავ უცნობია, თუმცა ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა დახურულ შეხვედრაზე ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელეს. თბილისი სტატუს-კვოს აღდგენას ითხოვს და ოფიციალური ბაქოსგან სტრატეგიული თანამშრომლობის ინტერესებით ნაკარნახევ ნაბიჯებს ელიან.

თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ძეგლებზე ისაუბრა მეზობელ სახელმწიფოში მივლენილმა ელჩმაც. გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, განახლებულ იშხანსა და ოშკში ძეგლებს პრობლემა არ ექმნებათ და ამ ეტაპზე ოშკის გუმბათის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ორი სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთობა თებერვალში კომისიის ფარგლებში იქნება განხილული, მაისში კი თბილისს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ეწვევა.

მევლუთ ჩავუშოღლუსა და ელმარ მამადიაროვის თბილისში ვიზიტისას ყველაზე მეტი დრო ქვეყნებმა იმ პროექტებზე საუბარს დაუთმეს, რომელიც მათ გავლენიან რეგიონულ მოთამაშეებად აქცევთ, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში კი ახალ რეალობას ქმნიან - იქნება ეს სამხრეთის გაზის დერეფანი, ტრანს-ანატოლიური თუ ტრანს-კასპიური მილსადენების, ბაქო-თბილისი-ერზრუმისა თუ ყარსის სარკინიგზო პროექტები.

3 მეზობელი და 3 სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის დიპლომატებმა ამ ფორმატში მერვე შეხვედრა გამართეს. აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი რგოლის სახელმწიფოებმა რეგიონულ პოლიტიკაზე, ენერგოუსაფრთხოებასა თუ სავაჭრო-სექტორალურ თანამშრომლობაზე ერთიან სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. 

რუსეთის გვერდის ავლით ისტორიულ პროექტებზე საუბრობენ საექსპერტო წრეებში. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ წამოწყებული თითოეული პროექტი ენერგოუსაფრთხოების გარანტიაა, თუმცა არსებობს წინააღმდეგობებიც.

მომავალ წელს მინისტრების შეხვედრას ბაქო უმასპინძლებს, მანამდე კი საქართველოს თითოეულ სახელმწიფოსთან ორმხრივ ფორმატებში არაერთი კომისიის შეხვედრა ელოდება.

დღის ამბები