26 აპრილი 2024,   21:46
ვრცლად
მამა ანდრია სარიას ზნეობის კომისიამ გაფრთხილება მისცა, თუმცა არ გაითვალისწინა - საპატრიარქო გადაწყვეტილებას განმარტავს

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს მედიასთან ის მიზეზები განმარტა, რის გამოც ბერმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება შეუწყვიტეს.

ჯაღმაიძის შეფასებით, სარიასთან დაკავშირებით ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან მსგავსი შემთხვევები განკვეთასაც ითვალისწინებს. ჯაღმაიძის თქმით, სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების მიზეზი გახდა ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომელსაც ის საპატრიარქოსა და პატრიარქთან დაკავშირებით აკეთებდა. დეკანოზის განცხადებით, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას, თავდაპირველად, საპატრიარქოს ზნეობის კომისიამ მისცა გაფრთხილება, თუმცა მან მსგავსი ქმედებები გააგრძელა:

"მიეცა გაფრთხილება კომისიის მიერ და მისი მხრიდან მოხდა სრული იგნორი და გაგრძელდა იგივე ქმედებები. რადგან კომისიის შენიშვნის გათვალისწინება არ მოხდა, მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა, ამ შემთხვევაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილება," - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა იმ განცხადებების მაგალითებიც მოიყვანა, რომელსაც, მისი თქმით, ანდრია სარია საპატრიარქოსთან და პატრიარქთან დაკავშირებით აკეთებდა:

"ის, რომ საპატრიარქო არის ყველაფერში დამნაშავე, შეურაცხყოფები მღვდელმთავრების მიმართ, საპატრიარქო არის ბანდა, სადამსჯელო ორგანიზაცია,"- აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძის თქმით, მან არ იცის რას უპასუხებს პატრიარქი ანდრია სარიას მოთხოვნას შეხვედრასთან დაკავშირებით:

"სანამ საჯაროდ გააკეთებდა ამხელა განცხადებებს, პატრიარქთან შეხვედრაზე მანამდე უნდა ეზრუნა. არ ვიცი პატრიარქი რას გადაწყვეტს," - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები