26 აპრილი 2024,   12:44
ვრცლად
საპროკურორო საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

გენერალური პროკურორობის კანდიდატების ინდივიდუალური მოსმენა დაიწყო. საპროკურორო საბჭო დღეს მთავარი მბრალდებლის სტატუსისთვის ორ კანდიდატს გაესაუბრება.

ვიქტორ ახალბედაშვილის და პაატა გაბელაიას მოსმენა მთავარ პორკურატურასთან აქციების ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სიაში ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ყოფნას აპროტესტებენ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტ ნესტან ლონდარიძის თქმით,  მმართველ გუნდს გადაწყვეტილი აქვს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცოს. მისი შეფასებით, შოთაძე იქნება მარიონეტი ხელისუფლების ხელში.

"ვთვლით, რომ ის პიროვნება, რომელსაც უკავშირდება ამდენი კითხვის ნიშანი, ამდენი ლაფში ამოსვრილი გამოძიება, არ აქვს უფლება, იყოს საქართველოს გენერალური პროკურორი.

მთელ მიმდინარე პროცესებს გავხდიდით სადავოს, რომელიც კი მის სახელს უკავშირდება, დაწყებული ხორავას ქუჩის საქმიდან, ვინაიდან ყველას კარგად გვახსოვს მის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც კეთდებოდა თუნდაც სუბელიანთან, ან კალანდიებთან მიმართებაში და ჩვენ დავინახეთ, როგორი განსხვავებული მდგომარეობა არის რეალურად, რაც სასამართლომ წარმოაჩინა," - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის შეფასებით, ირაკლი შოთაძე ხელისუფლების დაკვეთას უსიტყვოდ შეასრულებს.

"ირაკლი შოთაძის წარსული საქმიანობა მიგვითითებს, რომ ის არის ხელისუფლების ბრძანებების უტყვი შემსრულებელი. არის მთელი რიგი საქმეები, სადაც დაზარალებული მოქალაქეები ითხოვენ სამართალს, მაგრამ ამ სამართალს ვერ მიაღწიეს სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლებიდან იყო ბრძანებები გაცემული, რომ ეს საქმეები არ გამოძიებულიყო. ამიტომ ჩვენ მოვუწოდეთ დაზარალებულებსაც, შემოერთებოდნენ ამ აქციას," - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

გასაუბრება ყველა პირთან ინდივილუალურად ჩატარდება და პროცესი საჯარო იქნება. სულ წარდგენილი 17 პირიდან ამ დროისთვის 16 მსურველია, რადგან ერთმა კანდიდატურა ყოფილი გენერალური პროკურატორის, ირაკლი შოთაძის, სასარგებლოდ მოხსნა.

 

 

დღის ამბები