26 აპრილი 2024,   21:38
ვრცლად
ხორავას ქუჩის მკვლელობა - გიორგი ჯანაშია საპატიმროს 2021 წელს დატოვებს, გუგა ბარბაქაძის სასჯელი კი უცვლელი დარჩა

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ შემაჯამებელი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

გიორგი ჯანაშიას, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უმძიმესი დანაშაულისთვის თავდაპირველად 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მას, საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, აქედან 4 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარებს, დანარჩენი 4 კი პირობითი სასჯელი იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს, მსჯავრდებული საპატიმროს 2021 წელს დატოვებს.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ გუგა ბარბაქაძეს, მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა წინა ორი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მას 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.

"მას არც ერთ ეტაპზე, განსხვავებით სხვა პირებისგან, თუნდაც მიხეილ კალანდიასგან არ შეუცვლია ჩვენება და ყველა ჩვენება შინაარსობრივად არის ურთიერთშესაბამისი. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას და სხვა პირებს, ჩვენ დავინახეთ, რომ მათ არაერთხელ შეცვალეს ჩვენებები, არაერთხელ შეიყვანეს საზოგადოება და მართლმსაჯულება შეცდომაში და ჩვენ დავინახეთ, რომ ყველა მათი ჩვენება, პრაქტიკულად, უმნიშვნელოვანეს დეტალებთან დაკავშირებით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. სწორედ იმის გამო, რომ ამ საქმეზე ძალიან ცოტა მოწმემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, სწორედ იმის გამო, რომ კონკრეტულმა პირებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ ხელი შეშლოდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და მათი ჩვენებები იყო არადამაჯერებელი, არასარწმუნო და ურთიერთსაწინააღმდეგო, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ დაყოვნდა ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა,“ - განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

პროკურორი თორნიკე ნადირაძე ამბობს, რომ გიორგი ჯანაშიას მიმართ გამოყენებული იქნა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები.

"იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული გიორგი ჯანაშიას მიერ იქნა აღიარებული და მონანიებული შესაბამისი დანაშაული, ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მასთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება,“ - განაცხადა პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ. 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები