04 მაისი 2024,   22:38
ვრცლად
პროპორციულ სისტემაზე გადასვლა - დიალოგი ოპოზიციასა და მთავრობას შორის საერთაშორისო ზეწოლით მიმდინარეობს - გიორგი კანდელაკი

"ანგარიში ხაზს უსვამს საკითხებს, რომლებსაც გავლენა ექნება იმაზე, თუ რა მოხდება შემდგომ, ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის, რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემის საკითხია," - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.

ქართული დელეგაციის წევრებმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ოკუპაციაზე ისაუბრეს. გიორგი კანდელაკმა საქართველოში 2020 წელს დაგეგმილ არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ის მთავარი კრიტერიუმია, რომელსაც ევროპის საბჭო საქართველოსგან წლების განმავლობაში მოითხოვდა.

"ახლა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელია. ქვეყნისთვის გარდამტეხი მომენტია, ოქტომბერში არჩევნები უნდა გაიმართოს. ანგარიში ხაზს უსვამს საკითხებს, რომლებსაც გავლენა ექნება იმაზე, თუ რა მოხდება შემდგომ. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის, რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემის საკითხია.

ივნისში, როცა ქართველმა საზოგადოებამ საკუთარი განრისხება გამოხატა რუსი დეპუტატის ბატონი გავრილოვის მიმართ, რომელმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, ის "ქართულმა ოცნებამ", ბატონმა ივანიშვილმა დაპატიჟა, ივანიშვილმა, რომელიც ოლიგარქია და სწორედ ის მართავს ქვეყანას, რაც კიდევ ერთი პრობლემაა.

მან პირობა დადო, რომ მოხდებოდა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ეს იყო ის საკითხი, რასაც საქართველოსგან წლების განმავლობაში ითხოვდა ევროპის საბჭო. სამწუხაროდ ნოემბერში "ქართულმა ოცნებამ" უკან წაიღო სიტყვა. ახლა საერთაშორისო ზეწოლით მიმდინარეობს დიალოგი ოპოზიციასა და მთავრობას შორის," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები