05 მაისი 2024,   03:36
ვრცლად
კობი-გუდაურის გზაზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაღუპულ ტურისტს რუსეთში გადაასვენებენ

ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - სტეფანწმინდაში სტიქიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩამოწოლილმა ზვავმა კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე მოძრავი ავტომობილი მოიყოლა და ხევში გადააგდო.

შემთხვევის დროს ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის მისვლამდე დაშავებულების დახმარება და მათი ზვავიდან გამოყვანა მგზავრებმა დაიწყეს.

შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია რუსეთის მოქალაქე. დაშავებულებიდან კი, ერთი ქართველი და ერთი სომხეთის მოქალაქეა. სტიქიისგან დაზარალებული მამაკაცი, გუდაურის გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან თბილისში გადმოიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

კიდევ ერთი დაშავებული, რომელიც ხევში გადავარდნილ ავტომობილში იმყოფებოდა, ყაზბეგის კლინიკაში რჩება. 23 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებულების კლინიკებში გადაყვანისა და ხევიდან ავტომობილის ამოყვანის შემდეგ, მძიმე ტექნიკამ ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. კობი-გუდაურის გზის სახიფათო ნაწილზე მოძრაობა სტიქიიდან მალევე აღდგა.

კობი-გუდაურის გზაზე, ზვავში დაღუპულ ტურისტს, რუსეთში გადაასვენებენ. ქალის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. კლინიკიდან უკვე გაწერეს ორი დაზარალებული, მანქანის მძღოლი და კიდევ ერთი ტურისტი.

ინტენსიური თოვა და ზვავსაშიშროება იყო ის მიზეზი, რის გამოც გასული კვირის სამი დღე კობი-გუდაურის უღელტეხილზე გადაადგილება ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალული იყო.

დღის ამბები