05 მაისი 2024,   01:49
ვრცლად
მოუწევთ კომპრომისებზე წასვლა, დემოკრატიის ხელყოფაში მხარს "ოცნებას" არავინ დაუჭერს - პარლამენტთან საქართველოს სსრ დროშა დაწვეს

აქცია და სირცხვილის დერეფნები პარლამენტთან - უმრავლესობის სხდომა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიმდინარეობს, შენობის გარეთ კი სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით არიან შეკრებილები. 

აქციის მონაწილეებს "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის ორივე მხრიდან ე.წ. სირცხვილის დერეფნები აქვთ მოწყობილი.

"დემოკრატიის ხელყოფაში მხარს "ქართულ ოცნებას" არავინ არ დაუჭერს და მოუწევთ მათ კომპრომისებზე წასვლა აუცილებლად. ვერ დაველოდებით მხოლოდ მოლაპარაკების რაუნდს. დღეიდან ვიწყებთ უკვე აქტიურ ფაზას პროტესტის და აუცილებლად ეს გაგრძელდება. საქართველო არის უმძიმეს ვითარებაში ეკონომიკურად, უმუშევრობა, სოციალური პრობლემები და ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და ამის მიმართ გვექნება პროტესტი. ქართული ოცნება დამარცხდება აუცილებლად, რა სისტემაც არ უნდა იყოს არჩევნებში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პროტესტი იქამდე არ გაჩერდება, სანამ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს. ამის შესახებ განცხადება ”სამოქალაქო მოძრაობის” თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

"პარლამენტში შესვლის წინ, სირცხვილის დერეფნებში მოუწევთ გასვლა. ესეთი სამარცხვინო დეპუტაცია რომ ჰყავს ქართულ ოცნებას. თვითონ მილიონრები რომ არიან, დალხენილი ცხოვრება რომ აქვთ და ბავშვების შიმშილობას და სიღარიბეს ამ ქვეყანაში რომ ვერ ხედავენ,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

დემონსტრანტებმა აქციაზე სიმბოლურად, საქართველოს სსრ დროშა დაწვეს, რაც მათი თქმით, სიმბოლურად რუსეთის იმპერიაში შესვლის მცდელობის განადგურებას გამოხატავს.

"ვწვავთ სიმბოლურად ბოლშევიზმს, სიმბოლურად ვწვავთ რუსეთის იმპერიაში დაბუდების მცდელობას ივანიშვილის მხრიდან საქართველოსი. ჩვენ უნდა დავასრულოთ არა მხოლოდ ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობა, არამედ ნებისმიერი ადამიანისგან მთელი ძალაუფლების მისაკუთრების მცდელობა," - განაცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ აქციის მონაწილეები ისევ პროპორციული არჩევნების მოთხოვნის რეჟიმში რჩებიან, რაც მისი თქმით, შექმნილი რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია.

 

დღის ამბები