26 აპრილი 2024,   21:44
ვრცლად
ფიქრობთ, რომ თქვენ სწორად იყავით შერჩეული მინისტრის პოსტზე?! - კვაჭანტირაძე ტიკარაძეს

ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, რომელსაც პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში უკვე სამი საათია უსმენენ, დამოუკიდებელი დეპუტატებისგან მწვავე კითხვების მოსმენა მოუწია.

განსაკუთრებული კრიტიკა 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ისმოდა, რომელიც კარდიოქირურგიის და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით ტარიფების განსაზღვრას ითვალისწინებს.

"ფიქრობთ, რომ თქვენ სწორად იყავით შერჩეული მინისტრის პოსტზე?! თქვენი გამინისტრების დღიდან ძალიან უხეში ქირურგიული ჩარევით თქვენი 520-ე დადგენილებით ყველაფრის ჩეხვა დაიწყეთ. თქვენი რეფორმა 520-ჯერ არტყამს დანას მძიმე პაციენტებს," - განაცხადა ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია დაინტერესდა, თუ რატომ გათავისუფლდა 28 სოციალური მუშაკი, ასევე დაცულია თუ არა ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოება.

"სოციალური მუშაკების პრობლემა დგას მწვავედ. არსებობს დეფიციტი, რატომ მოხდა მათი დათხოვნა?! რაზეც აუცილებლად მინდა მივიღო პასუხი, ეს არის შრომის უსაფრთხოების წესები. ეს წესები დაცული არ არის," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატების წინაშე ჯერ მოხსენებით წარსდგა, რის შემდეგაც მინისტრის საათის ფორმატში, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაისვა ბევრი კითხვა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატების, ასევე უმრავლესობის მხრიდან. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პარლამენტში სესიებს არ ესწრება.

დღის ამბები