02 მაისი 2024,   17:06
ვრცლად
"ალტერნატივა" და "გაბედე" აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადების გამოძიებას ითხოვენ 

არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივა" და მოძრაობა "გაბედე" პროკურატურას მიმართავენ. ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატის მერაბ ბლადაძის მიერ ფეისბუქზე გაკეთებული განცხადების თაობაზე საქმის გამოძიებას სთხოვენ.

დილით ბათუმის მერიასთან გამართულ აქციაზე, სადაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აქციის მონაწილეებმა სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს, ბლადაძე საკუთარი ფეისბუქ გვერდზე პოსტით გამოეხმაურა. როგორც ბლადაძე წერს, თავებს გაუტეხს ყველას, ვინც მას სირცხვილის კორიდორს მოუწყობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" ხელმძღვანელის ხათუნა ბერიძის განცხადებით, დეპუტატი ფიზიკური ძალადობით იმუქრება.

"ალტერნატივა" და "გაბედე" პროკურატურას საქმის დროულ შესწავლას თხოვენ და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ფაქტის დაგმობისკენ მოუწოდებენ.

"მერაბ ბლადაძის განცხადება პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა შეისწავლოს, დეპუტატმა ფესბუქით გაავრცელა მუქარის შემცველი ინფორმაცია. იგი მანდატის დატოვების სანაცვლოდ ფიზიკური ძალადობისთვის მზადაა. ჩვენ სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებს. მოვუწოდებთ დეპუტატებს, დაგვიდგნენ გვერდში, რათა ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდეს. აჭარის უმაღლეს საბჭოს აქვს უფლებამოსილება, რომ აჭარაში ჩატარდეს პროპორციული არჩევნები,"- განაცხადა ხათუნა ბერიძემ.

დღის ამბები