05 მაისი 2024,   11:51
ვრცლად
ქორწილში მომხდარი დაჭრა - ახალქალაქში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ახალქალაქში ქორწილში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ბრალდებულები დააკავა. 30 წლამდე ასაკის ორ მამაკაცს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან.

საუბარია 4 ადამიანის დაჭრაზე. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა მოქალაქეებს ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები პირადი კონფლიქტის ნიადაგზე მიაყენეს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - 1991 წელს დაბადებული ს.ს. და 1991 წელს დაბადებული ს.ს., ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს, 1996 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ს.ა.-ს და 1992 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - ა.ა.-ს."- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები