05 მაისი 2024,   08:19
ვრცლად
"ჩვენი მთავარი ამოცანა არის პროპორციული არჩევნები" - ოპოზიცია "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში იკრიბება

ოპოზიცია "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში იკრიბება. რამდენიმე წუთში პარტიებს შორის შიდა კონსულტაციები უნდა დაიწყოს. მთავარი თემა ის ახალი ინიციატივაა, რომელიც ლიდერებმა ხელისუფლებას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას დიალოგის ბოლო რაუნდზე უნდა შესთავაზონ.

საუბარია ახალ პროექტზე, რომელშიც გათვალისწინებულია ხელისუფლების შეთავაზების ნაწილი, შენარჩუნებულია მაჟორიტარობის კომპონენტიც, მაგრამ ის უფრო ახლოს არის პროპორციულთან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ყველა ოპოზიციური პარტია საერთო პოზიციაზე უნდა შეჯერდეს. 

"დღეს იმიტომ ვიკრიბებით, რომ უნდა განვიხილოთ ყველა ის წინადადება, რითიც მივალთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენი მთავარი ამოცანა არის პროპორციული არჩევნები. უნდა მივაღწიოთ პროპორციულ არჩევნებს და განვიხილავთ იმ გზებს, როგორ მივიდეთ აქამდე. რაც შეეხება ხელისუფლების წინადადებას, რომ 100/50-ზე არის ბოლო მათი სიტყვა, თუ ამ წინადადებებით აპირებენ მოსვლას სასაუბროდ, აზრი არ აქვს. ჩვენ ვთქვით გარკვევით, რომ 100/50-ზე არ მივიღებთ, ეს არის პრინციპში იგივე მოდელის დატოვება, რაც დღეს არსებობს," - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ მათი ინიციატივა პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებულია.

"ეს არის პრინციპული ცვლილება, ეს მაქსიმალურად მიახლოებულია პროპორციულთან, ამავე დროს, არ აძლევს არც ერთ ძალას იმის საშუალებას, თუ მაქსიმალური ნდობა არ ექნება მოსახლეობისგან, პარლამენტში უმრავლესობა აიღოს. ეს ვარიანტი არის 135/15-თან მიმართებაში. არსებობს ალტერნატიული გეგმა, რომ სრულიად ოპოზიცია შეთანხმდეს ერთ მაჟორიტარ კანდიდატზე ყველა ოლქში და ასეთ შემთხვევაში, "ოცნებას" დამარცხება გარანტირებული აქვს," - განაცხადა გიორგი გუგავამ.

განცხადება გააკეთა "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ.

"ბევრი ვარიანტია ამ განვითარების. ეს არის 120/30-ზე, ეს არის 135/15-ზე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ციფრები არ არის მარტო საკითხი, იქ არის საარჩევნო ბარიერზე," - განაცხადა პაატა დავითაიამ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კი დარწმუნებულია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვისაც იმედები გაუჩნდა, რომ ოპოზიცია ერთიანი აღარ იქნება, ან რაიმე ბზარი შევა ოპოზიციაში. დღეს ვიმსჯელებთ და დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ნამდვილად იქნება მაქსიმალურად კარგი დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ქვეყნისა და საერთო საქმისათვის. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად იყოს ნებისმიერ სისტემა, რომელზეც შევთანხმდებით, მიახლოებული პროპორციულ სისტემასთან,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები